15.09.2020 13:23
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და არჩევნების მიმართ დიდ ინტერესს ადასტურებს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ შეფასებები უმძიმესია და კვლავ ნახსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყანა იმართება „ჩრდილოვანი მეთოდით“. ასევე საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში კვლავ არიან „პოლიტიკური პატიმრები“ და პირდაპირ მოუწოდებენ გიორგი რურუას გათავისუფლებას. საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული და სამართლიანი მართლმასაჯულება, სასამართლო იმართება პოლიტიკური პარტიის მიერ. ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების დროს ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებს, მის სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge