კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ცესკოს ექს-თავმჯდომარეს საარჩევნო ადმინისტრაციასთან სახელისუფლებო პარტიის შტაბების შეზრდა სახიფათოდ მიაჩნია 14.09.2020 13:22

ცესკოს ექს-თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ფორმა და შინაარსი სახიფათოდ მიაჩნია. როგორც მან „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, პრობლემა არის ის, რომ 73 შერჩეულ წევრს შორის ინტერესთა კონფლიქტია.

 

„ისინი ძირითადად  ერთმანეთის ნათესავები არიან. მაგალითად, ადიგენში ოლქის წევრად ვინც დაინიშნა, სახელისუფლებო წარმომადგენლის ბიძაშვილია, ძალიან ახლო ნათესავი. სხვებიც არიან ოჯახის წევრები, ერთმანეთის მეგობრები და აქედან გამომდინარე პოლიტიკური კავშირები აქვთ. არიან კიდევ ისეთები, რომლებიც წინა არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის მიერ დანიშნული წევრები იყვნენ,“ - განაცხადა  ხარატიშვილმა.

 

მისი თქმით, ეს  აბსოლუტურად დაუშვებელია, მთელი რიგი მიზეზების გამო.

 

„ეს პირდაპირ კანონის დარღვევაა. არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიის შტაბების შეზრდა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ძალიან სახიფათოა, რადგან ელემენტარულად სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები რომ ვერ მოიგოს, მთელი პროცესი შეიძლება ჩამოიშალოს. აქტივისტებმა შეიძლება არ დაითვალონ ხმები. ეს კი ქვეყანაში, სამართლებრივად, ქაოსს გამოიწვევს. ჩვენი კანონმდებლობა ასეთ მომენტებს საერთოდ არ ითვალისწინებს. ნეპოტიზმი და პოლიტიკური კავშირები კი, რა თქმა უნდა, დაუშვებელია,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ ზურაბ ხარატიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი შეირჩა.

 

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული წევრების შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა და პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ 73 საოლქო საარჩევნო კომისიიდან 42-ში დამოუკიდებელ წევრად მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები და "ქართული ოცნების" აქტივისტები შეარჩიეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ