14.09.2020 12:33
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.
როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია „ქცევის კოდექსს“ მმართველი პარტიის გარეშე აწერს ხელს.
"გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ „ქცევის კოდექსს“ მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს. ჩვენ დღეს შევასრულეთ დიდი ვაჟა ფშაველას დანაბარები "ბილწთ არ შავეკვრი ზავით". არასდროს ზავით არ შევეკვრებით ძალას,რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, ქართული პოლიტიკა ისაა, რაც ამ ფორმატში ხდება და ამას მთელი მსოფლიოში აღიარებს. ვერანაირმა ძალამ პოზიცია ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა იმ გზაზე, რომელსაც მივყვევით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ „ქართული ოცნება“ შეუერთდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge