14.09.2020 11:27
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).
ამასთან, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან.
„სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36 პროცენტი), ჯანდაცვის პოლიტიკას (12 პროცენტი) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12 პროცენტი) მიიღებს მხედველობაში. მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება (49 პროცენტი), სიღარიბე (39 პროცენტი) და ფასების ზრდა/ინფლაცია (20 პროცენტი) ექცევა.
მოსახლეობის ეკონომიკური პრიორიტეტები გეოგრაფიული დასახლებების მიხედვით განსხვავდება. თბილისში და სხვა ურბანულ დასახლებებში (58 პროცენტი და 46 პროცენტი) მოქალაქეები პრიორიტეტს ტურიზმის განვითარებას ანიჭებენ, სოფლის ტიპის მოსახლეობა კი - მიწათმოქმედებას (75 პროცენტი) და მესაქონლეობას (59 პროცენტი). ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია. ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31 პროცენტი), წყალმომარაგებაზე (22 პროცენტი), გარემოს დაბინძურებასა (13 პროცენტი) და საცობებზე (13 პროცენტი) წუხს. თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ”,-აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge