ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ჩვენ შევძლებთ ადამიანების დამოკიდებულების შემცირებას სახელმწიფო და ფინანსურ ინსტიტუტებზე“ 10.09.2020 16:51

ადამიანების დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტებზე და თითოეული ოჯახისთვის საკმაოდ დიდი თანხების აკუმულირების შესაძლებლობა - ეს იმ შედეგების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ქვეყანას ახალი პოლიტიკური მოძრაობის -„სოციალური სამართლიანობისთვის“ მიერ წარდგენილი პროგრამა „ნეო საქართველო“ მოუტანს. ინიციატივის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ და პარტიის  ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბოძაშვილმა „TV პალიტრა ნიუსის“ ეთერში გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ისაუბრა.  მისი თქმით,  პროგრამა მიზნად ინოვაციური სისტემის შექმნას ისახავს, რომელიც, თავის მხრივ, დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფას, გონიერი ქალაქებისა და ელექტრონული მმართველობის შექმნას გულისხმობს. 


„ჩემი პოლიტიკაში ჩართვისა და არჩევნებში მონაწილეობის სურვილი განპირობებულია იმ უმნიშვნელოვანესი და ძალიან  რეფორმატორული, ინოვაციური პროგრამის განხორციელებით, რომელიც შევქმენი ბოლო წლების განმავლობაში  და რომელიც ქვეყნის ცხოვრებაში არსებით გარდატეხას შეიტანს. ეს არის პროგრამა, რომელსაც პირობითად დავარქვით „ნეო საქართველო“  და რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის იმ სტანდარტებზე გადაყვანას, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვისაა აუცილებელი.  კონკრეტულად, ეს გახლავთ ტოტალური ინოვაციური სისტემის შექმნა ქვეყანაში და მოიცავს როგორც გონიერი ქალაქების, ასევე ელექტრონული მმართველობის ფაქტორს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფა. 


ამ პროგრამაში გათვალისწინებულია თითოეული ოჯახისთვის საკმაოდ დიდი თანხმების აკუმულირების შესაძლებლობა და ასევე ერთი უნიშნველოვანესი რამ -  ადამიანის დამოკიდებულების შემცირება სახელმწიფო და ფინანსურ ინსტიტუტებზე, ანუ ბანკებზე. დღეს მათზე დამოკიდებული მოსახლეობის 80%-ზე მეტია.  მათი ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორც ასეთი, არ არსებობს. მხოლოდ ამ პროგრამას შეუძლია უზრუნველყოს ის, რომ ადამიანები რეალურად გახდნენ დამოუკიდებლები,“- აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა. 

 

მისვე განმარტებით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო უპირტესობა დაკარგა და ახლა ქვეყანას რეფორმატორული განვითარებისთვის შოკური მიდგომები სჭირდება.

 

„მინდა გითხრათ, რომ პროგრამას აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება. სულ რამდენიმე თვეა, რაც  დავიწყეთ საქმიანობა, ვხსნით რეგიონალურ ოფისებს, ვხვდებით ადამიანებს... ჯერ წარვადგინეთ პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილი. დანარჩენსაც მალე წარვადგენთ. მათ შორის იქნება აბსოლუტურად ინოვაციური პროექტი მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით.  რასაც დღეს საუბრობენ პოლიტიკურ ველზე, ესაა, პრაქტიკულად, იმავე წრეზე სიარულის გაგრძელება. ამიტომ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი, რაც აქამდე იყო და გადავიდეთ აბსოლუტურად ახალ ეტაპზე. 

რამდენი ხანია ვიძახი, რომ საქართველომ დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო უპირატესობა, რომლის მოპოვება პატარა ქვეყანას შეეძლო რამდენიმე წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ იმდენად უკან ვართ, იმდენად ჩამორჩენილები ვართ , რომ...  ამ ეტაპზე ქვეყნის რეფორმატორული განვითარებისთვის შოკური მიდგომებია საჭირო,“- განაცხადა ლევან ბოძაშვილმა „TV პალიტრა ნიუსის“ ეთერში

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ