24.11.2026 02:40
ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ოფიციალურად შესთავაზა, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 22-ე პაკეტის დეტალებზე დაყრდნობით იტყობინება.
სტატიაში ყულევის ქარხანა მაგალითად არის მოყვანილი იმ ქვეყნების საპირისპიროდ რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის სანქციების საფრთხის საპასუხოდ, საქართველოში მდებარე საწარმომ ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოახდინა და რუსულ ნედლეულზე უარი თქვა.
"ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ", – აღნიშნულია The Kyiv Independent-ის მასალაში.
ცნობისთვის მიმდინარე წლის 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების 21-ე პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ამოქმედებისთვის მაშინ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.
მოგვიანებით კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ 23 აგვისტოდან ყულევის საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო და რუსული ნავთობის ჩანაცვლება წარმატებით დაასრულა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ 23 ნოემბერს წარდგენილი სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი ახლა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განიხილონ და ერთხმად დაამტკიცონ.