31.10.2026 21:49
ეკონომიკური პარამეტრების ზრდა, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე და უცვლელი შეფასება BB დონეზე - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი საქართველოს საკრედიტო რეიტინგს აუმჯობესებს. შეფასების დოკუმენტში წერია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. რეიტინგს ასევე აძლიერებს სწორი ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
სარეიტინგო კომპანია დოკუმენტში აღნიშნავს, რომ, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების და მაღალი ენერგეტიკული ფასების მიუხედავად, საქართველოში შენარჩუნებული ეკონომიკური წარმატება ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. Fitch-ის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან გამოქვეყნებულ რეიტინგში წერია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაღალი ტემპით იზრდება და მიმდინარე წლის სექტემბერში 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. აქცენტი კეთდება საქართველოს საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესებაზეც. Fitch-ი დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის დონეების შემცირებაზეც საუბრობს, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგია.
Fitch-ი აქცენტს აკეთებს საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციების შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეიტინგის შემდგომი ზრდისთვის.
კომპანიის მხრიდან საქართველოს განახლებული შეფასება 30 ოქტომბრით თარიღდება.