27.10.2026 11:18
27-28 ოქტომბერს თბილისში რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი" იმართება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.
მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში".
სამიტს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელი სოპნენდუ მოჰანტი.
წლევანდელ სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.
სამიტის მონაწილეებს შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Swift-ი, UnionPay, Luma Group-ი, Accel-ი, Tether-ი, Ant International-ი და სხვა. ასევე, ჩინეთის ბანკის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იანგ ჯუნი, ყაზახეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბინურ ჟალენოვი, ალბანეთის ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლტა ზაჩაი, ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრული ვალუტის კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი მუ ჩანგჩუნი, სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ოვანეს ხაჩატრიანი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ემირ კურტიჩი, ჩეხეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ზდენეკ ტუმა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის პრეზიდენტი რენატ ბექტუროვი.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები გაიმართება. განხილვის ძირითადი მიმართულებებია რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, გადახდების მომავალი, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ყაზახეთისა და ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „ცენტრალური ბანკების პრიორიტეტები 2027 წლისთვის". დისკუსიის ფარგლებში მონაწილეები მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ციფრულ და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე იმსჯელებენ.
სამიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას, ციფრული აქტივების რეგულირებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. დღის წესრიგი ასევე მოიცავს რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების საკითხებს.
სამიტის ფარგლებში AI-სა და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღე გაიმართება. ჰაკათონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელშიც 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებულები 28 ოქტომბერს, დემო დღეზე გამოვლინდებიან.
„„თბილისის ფინანსური სამიტი" საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში პოზიციების გაძლიერების შესაძლებლობაა. ღონისძიება ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის, პოტენციალის წარმოჩენას", - აღნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურში დაფუძნებული გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
GFTN-ი სინგაპურში დაფუძნებული საერთაშორისო ქსელია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემების განვითარებაზე მუშაობს. ქსელი მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებში, მათ შორის სინგაპურში, იაპონიასა და შვეიცარიაში, საქმიანობს. 2025 წელს ქსელს საქართველოც შეუერთდა.