30.09.2026 15:30
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკური დერეფნების განვითარებას მიეძღვნა. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ტრადიციული სატრანსპორტო დერეფნებიდან ინტეგრირებულ ეკონომიკურ დერეფნებზე გადასვლის მნიშვნელობაზე, რომლებიც ინფრასტრუქტურას აკავშირებს ვაჭრობასთან, ლოგისტიკასთან, ენერგეტიკასთან, ციფრულ დაკავშირებადობასთან, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
„შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს დერეფნებში ღირებულების შექმნა არა მხოლოდ საქონლისა და ადამიანების უფრო ეფექტიანი გადაადგილებით, არამედ ინვესტიციების მოზიდვით, ლოგისტიკური და ინდუსტრიული საქმიანობის განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ადგილობრივი ეკონომიკების დაკავშირებით რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკვანძო პრიორიტეტია არსებული სატრანსპორტო ქსელის ირგვლივ მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბებისა და ვაჭრობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა - ეს მოიცავს სარკინიგზო, საპორტო და საგზაო კავშირების გაძლიერებას, სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებასა და დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის პირობების შექმნას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის განვითარებისთვის.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, პროექტს შეუძლია შექმნას უფრო მტკიცე მულტიმოდალური პლატფორმა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისთვის, და ხელი შეუწყოს უფრო ფართო ეკონომიკური საქმიანობის გენერირებას დერეფნის გარშემო.
„ვერცერთი ცალკეული ქვეყანა ვერ მოახდენს დერეფნის ოპტიმიზაციას დამოუკიდებლად. საქართველო მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში, განსაკუთრებით შუა დერეფნისა და ჩვენი როლის მეშვეობით, როგორც ხიდისა ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას შორის," - აღნიშნა გენადი არველაძემ.