30.07.2026 16:45
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს კომერციული ბანკების სარეზოლუციო მზაობის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირობითი დაფინანსება (ე.წ. საკრედიტო ხაზი) გახდება ხელმისაწვდომი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული საკრედიტო ხაზი საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას დღეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება. მისი ამოქმედება შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს კომერციული ბანკის რეზოლუციის გადაწყვეტილებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმი იქნება მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს კომერციული ბანკის შესაძლო სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას. პროექტის თანხები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონმდებლობით ნებადართული სარეზოლუციო ღონისძიებებისთვის.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიერ აღნიშნული პროექტის დამტკიცება ადასტურებს საქართველოს მიერ საბანკო რეზოლუციისა და ფინანსური სტაბილურობის მექანიზმების განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბანკო რეზოლუციის ჯანსაღი და საიმედო ჩარჩოს მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და საბანკო სექტორისადმი ნდობის განსამტკიცებლად. ეს პროექტი, ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი რეზოლუციის არსებული მექანიზმი ეფექტიანია, შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ქმნის მყარ საფუძველს სისტემური ბანკის შესაძლო ფინანსური სირთულეების წარმატებული და დროული მართვისთვის", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
საბანკო რეზოლუცია წარმოადგენს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ალტერნატივას და მოიაზრებს მის იმგვარ რესტრუქტურიზაციას, რომლითაც დაცული იქნება საჯარო ინტერესები, მათ შორის შენარჩუნდება კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციები - დეპოზიტების მიღება, სესხების გაცემა, საგადახდო მომსახურებები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქმიანობა, საბითუმო დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება ფინანსური სტაბილურობა და მაქსიმალურად დაიცავს გადასახადის გადამხდელებს.
რეზოლუცია უპირატესია ლიკვიდაციაზე მაშინ, როდესაც ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი ბანკისთვის ლიკვიდაცია უფრო საზიანოა ფინანსური სტაბილურობისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე რეზოლუცია.
სარეზოლუციო ფონდი არის გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევების დროს გამოყენებადი ფონდი, რომელიც სტრესული სიტუაციების დროს დამატებითი ფულადი სახსრების წყაროს წარმოადგენს რეზოლუციის პროცესში. ფონდში კომერციული ბანკების შენატანები აკუმულირდება, რომელიც 2025 წლიდან დაიწყო, ხოლო ფონდის სამიზნე მოცულობა დაზღვეული დეპოზიტების 3 პროცენტს შეადგენს.
სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ხოლო ფონდის თანხების ინვესტირებას ახორციელებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (საინვესტიციო მენეჯერი) კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების და საქართველოს ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის გაფორმებული შესაბამისი შეთანხმების/ხელშეკრულების საფუძველზე.
ავტორ(ებ)ი :