24.07.2026 23:45
ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი არის სივრცე, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„დღეს მსოფლიოში დინამიკურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ერთ სივრცეში თავს მოიყრის მეცნიერება, განათლება, კვლევა, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ინოვაცია.
„ბავშვები და ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას, სტარტაპები მიიღებენ მენტორობასა და განვითარების შესაძლებლობებს, ხოლო მეცნიერებსა და კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი.
„ჩვენს სტუმრებს აქ ასევე დახვდებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტერაქციული მუზეუმი, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი და TUMO - მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ ეს პროექტი სწორედ ქუთაისში განხორციელდა, რადგან ბოლო წლებში ქუთაისი თანმიმდევრულად ყალიბდება ახალი ეკონომიკის მნიშვნელოვან ცენტრად.
„საერთაშორისო აეროპორტმა ქალაქს ახალი შესაძლებლობები შესძინა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შექმნა ძლიერი საგანმანათლებლო და კვლევითი საფუძვლები, ხოლო ტექნოლოგიური ჰაბი ამ განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა - ადგილი, სადაც ცოდნა ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :