"სკოლაში ჯანსაღი, თანასწორი გარემო უნდა სუფევდეს, მიუხედავად იმისა, ვის როგორი ფინანსური შესაძლებლობა აქვს"- გივი მიქანაძე 03.09.2026 17:06

სოციალური თანასწორობა და რეფორმის დაწყება


საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების ტარება ეტაპობრივად სავალდებულო ხდება. პროცესი მიმდინარე სასწავლო წელსვე ამოქმედდება და პირველ ეტაპზე I-VI კლასების მოსწავლეებს შეეხება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებსა და დეტალებზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსთან" ისაუბრა.

 

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქამდეც ჰქონდათ ფორმების შემოღების უფლება ნებაყოფლობით საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით ამ პრაქტიკამ ასახვა ძირითადად მხოლოდ კერძო სკოლებში ჰპოვა.

 

„ანალიზი გავაკეთეთ, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ერთ-ერთი მთავარი თემა სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის კომპონენტია.

 

დღეს სასკოლო გარემოში მოსწავლეები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაცმულობას, რაც ოჯახებისთვის და სკოლისთვისაც გამოწვევაა. მაშინ, როცა სკოლა არის ის გარემო, სადაც მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ სწავლის პროცესზე და ჯანსაღი გარემო უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ვის როგორი შესაძლებლობა აქვს.

 

ამიტომ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, პლუს იმ ანალიზებზე დაყრდნობით და სხვა ქვეყნების - იქნება ეს გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი თუ იაპონია - გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც ფორმაა შემოღებული და ეს დადებით კონტექსტში აისახება სკოლაზე, გადავწყვიტეთ, ფორმების ტარება სავალდებულო გაგვეხადა.

 

რადგან სკოლებმა ნებაყოფლობით არ მიიღეს ფორმების შემოღების გადაწყვეტილება, ჩვენ გადავწყვიტეთ, სავალდებულო გაგვეხადა და შევეცადეთ, ფორმები მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

ფინანსური ხელმისაწვდომობა და სოციალური თანასწორობა



მინისტრის განცხადებით,  კვლევების თანახმად, სასკოლო ფორმის ღირებულება ოჯახებისთვის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე ბავშვისთვის მთელი წლის განმავლობაში ახალი ტანსაცმლის ყიდვა.

 

„შემიძლია გითხრათ, რომ მშობელი წლიურად რასაც ხარჯავს, ბევრად უფრო იაფად გამოდის ის ფორმები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას.

 

ფორმის შემოტანა ძალიან ბევრ გამოწვევას გასცემს პასუხს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ იყოს გარიყული თავისი სოციუმიდან. ასევე, მეორე პრობლემაა ოჯახში არსებული სიტუაცია. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი გარკვეულწილად მშობელს ადანაშაულებს, რომ ვერ უზრუნველყოფს, ყოველთვის ახალი სამოსი შეუძინოს და ეს იყოს მაღალი ხარისხის და ბრენდული", - აღნიშნა მინისტრმა.

 

ხარისხი და საერთაშორისო გამოცდილება


გივი მიქანაძე ასევე გამოეხმაურა სასკოლო ფორმების ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულ კრიტიკას და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

 

„სრულიად დეზინფორმაციულად ააგორეს კამპანია იმისთვის, რომ დაეზიანებინათ ეს პროცესი, რადგან ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა დაინახეს, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მოწონება აქვს ფორმების შემოღებას სკოლებში.

 

ხარისხზე გაამახვილეს ყურადღება. ხარისხზე შემიძლია გითხრათ, რომ ბრიტანულ, იაპონურ და ავსტრალიურ სკოლებში ფორმების ქსოვილში ძალიან მაღალი პროცენტულობით გამოიყენება პოლიესტერი, იმისთვის, რომ ფორმა გამძლე იყოს.

 

იმის თქმა, რომ ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია, არის შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იმიჯი აქვს. ასეთი კომპანია საკუთარ რეპუტაციას არ დაიზიანებს.

დარგის სპეციალისტებთანაც გვქონდა კონსულტაციები და ასეთი შემცველობის პოლიესტერი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

სასკოლო ფორმების ეტაპობრივი დანერგვა



მინისტრის განცხადებით, რეფორმის ეტაპობრივად განხორციელების გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რომ ზედა კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის კულტურაზე გადასვლა ნაკლებად მტკივნეული და სტრესული ყოფილიყო.

 

„პროცესი იწყება წელსვე და I-VI კლასებიდან ამოქმედდება, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფრონტაცია და რეგულაცია ზედა კლასებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. თითოეულ კლასს ფორმის ტარების ვალდებულება ეტაპობრივად, ყოველწლიურად დაემატება", - აღნიშნა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ფორმების შემოღებას საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს.

 

„მუნიციპალიტეტებში 10 000-ზე მეტ მშობელს შევხვდი და ყველა მათგანი მიესალმება ფორმის შემოღებას. თუმცა საზოგადოებაში არიან გარკვეული ადამიანები - საბედნიეროდ, მცირე ჯგუფი - რომლებიც ცდილობენ, ეს პროცესი დააზიანონ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა დგას ამის უკან.

 

ფორმების რეალიზაციის რამდენიმე დღიანმა პროცესმა, როგორც სკოლებში, ისე ონლაინ, დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა მიესალმება ამ პროცესს. ისინი მოდიან და ხალისით ყიდულობენ ფორმებს.

 

მეც, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მშობელმა, ჩემს შვილთან ერთად შევიძინე მისთვის პიჯაკი და ორი შარვალი. ყველაფერი წინ არის. ჩემი შვილი, ლუკა, 15 სექტემბერს პირველად წავა სკოლაში. საჯარო სკოლაში შევიყვანე.აქედან მივესალმები და მივულოცავ ყველას სკოლის დაწყებას", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ