ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ხელოვნების სასახლის კოლექციას კიდევ ერთი საოცარი, თითქმის 4 300 წლის ისტორიის მქონე ნივთი შეემატა!- გიორგი კალანდია 07.09.2026 10:00

"ხელოვნების სასახლის კოლექციას კიდევ ერთი საოცარი, თითქმის 4 300 წლის ისტორიის მქონე ნივთი შეემატა!


ეს უნიკალური ძველაღმოსავლური ძეგლი ხელოვნების სასახლეს „ლევილი 1918"-ის წარმომადგენლებმა - ლადო ბებიამ და თამაზ გუჯეჯიანმა - აჩუქეს, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით.
ეს არის შუმერული ლურსმული დამწერლობით შესრულებული პატარა თიხის ადმინისტრაციული ფირფიტა, რომელიც აქადური პერიოდით, დაახლოებით ძვ. წ. 2300-2200 წლებით თარიღდება. ფირფიტის ზომაა დაახლოებით 34 × 32 მმ და ორივე მხარეს სულ 8 სტრიქონი აქვს. ნივთს ახლავს ცნობილი ბრიტანელი ასირიოლოგის, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორ Wilfrid George Lambert-ის ძველი სამეცნიერო ჩანაწერიც. ლამბერტი მას შუმერიდან მომდინარე ადმინისტრაციულ დოკუმენტად განსაზღვრავდა და განსაკუთრებით აღნიშნავდა ტექსტში მრავალრიცხოვან რიცხვით მონაცემებს.


ყველაზე საინტერესო კი თავად ტექსტის ამოკითხვის მცდელობაა. ფირფიტა საკმაოდ გაცვეთილია და ამიტომ ქვემოთ მოყვანილი წაკითხვა უკიდურესად სავარაუდოა და არა საბოლოო მეცნიერული ტრანსლიტერაცია. ცალკეული ნიშნების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს სამეურნეო აღრიცხვასთან, სადაც შესაძლოა მოხსენიებული ყოფილიყო დაახლოებით „20 ცხვარი" და „30 [ერთეული] ქერი". ასევე ძალიან ფრთხილი, სამუშაო ჰიპოთეზით, ტექსტში შეიძლება იკითხებოდეს პიროვნების სახელიც - „ლალუმა" (La-lu-ma / Lalima?). ხაზგასმით ვამბობ: ეს სამი დეტალი - 20 ცხვარი, 30 ქერი და სახელი „ლალიმა" - ჯერ მხოლოდ სავარაუდო წაკითხვაა და შემდგომ ასირიოლოგიურ კვლევას საჭიროებს.
წარმოიდგინეთ - პატარა თიხის ფირფიტაზე ვიღაცამ ოთხი ათასზე მეტი წლის წინ ჩაიწერა თავისი დროის ყოველდღიური სამეურნეო ანგარიში. ადამიანები, რომელთა სახელებიც დიდი ხანია ისტორიამ დაივიწყა, თიხაზე დატოვებული რამდენიმე სოლის წყალობით დღეს ისევ გვესაუბრებიან.
ახლა ეს პატარა, მაგრამ კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი წერილობითი კულტურის ძეგლი თბილისში, ხელოვნების სასახლეში დაიდებს ბინას"- წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი  გიორგი კალანდია.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ