პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს 11.09.2026 02:03

11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა და დიდებული წინასწარმეტყველის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას იხსენიებს.

 

11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

 

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა. ამას თვით იესო ქრისტე აღნიშნავდა. წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მეფე ჰეროდემ მოჰკვეთა.

 

უფლის ნათლობის შემდეგ გალილეის მმართველმა იროდ ანტიპამ (ჰეროდემ) იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო, რადგან იოანე მას ამხელდა უსჯულოებაში: ჰეროდემ მიატოვა მეუღლე - არაბეთის მეფის ასული და თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი - ჰეროდიადა შეირთო.

ერთხელ, თავის დაბადების დღეზე, ჰეროდემ ნადიმი გამართა და ახლობელ-მეგობრები მოიწვია. ჰეროდიადას ასული სალომეა სტუმრების გასართობად როკავდა, რითაც დიდად აამა ჰეროდეს. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. სალომეა დედას წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰეროდე დიდად დამწუხრდა, ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც ძალიან უყვარდა იოანე, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ.

უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. გადმოცემით, მოკვეთილმა თავმა ბაგეები გახსნა და კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე: არ უნდა გყავდეს ცოლად შენი ძმის ცოლიო. სალომეამ ლანგარი დედას მიუტანა. გახელებულმა ჰეროდეადამ იოანეს ენა ნემსით დაუჩხვლიტა და თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას კეთილმსახურმა ცოლმა იოანამ თავი ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელონის მთაზე დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმინდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა სებასტიაში მიაბარეს მიწას.

წმინდა წინასწარმეტყველის მოკვლის შემდეგ ჰეროდე ერთხანს აგრძელებდა მმართველობას, მაგრამ ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ერთ ზამთარს სალომეამ გაყინულ მდინარეზე როკვა მოინდომა, შუა როკვისას ყინული ჩატყდა და სალომეა მდინარეში ჩავარდა, თავი კი ზემოთ დარჩა. აჩქარებულმა მდინარემ სალომეას ტანი თავს მოსწყვიტა. მისი გვამი ვეღარ იპოვეს, თავი კი, როგორც ერთ დროს წმინდა წინასწარმეტყველ იოანესი, დედას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულში დანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ამ დღეს ქრისტიანები მარხულობენ, რათა ერთგვარი თანალმობა გამოხატონ უფლის წმინდა წინამორბედისა და ნათლისმცემელისადმი.

ტროპარი

„ხსენებაი მართლისი ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი უფლისაი, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყველთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და, ამისათვისცა სულისა ეგთჳს წმიდისა მიერ გამოჩინებულსა, ვნებულსა სისხლითა შენითა, გიხაროდენ, წინამორბედო, მეოხ-ჰყავ უფლისა მიერ შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს".

კონდაკი

„წინამორბედისა დიდებულსა თავისკვეთასა, საიდუმლონი სარგებელისანი ისმინნედ ყოველთა, რამეთუ ჰეროდიაშმა უსჯულომან ითხოვა ნათცემი, და არა ცხოვრება მოიხვეჭა, არცა სჯული ღვთისაი, არამედ ცრუგულებაი მფლობელისა ჰეროდეს თანა".

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ