26.11.2026 22:01
"უკრაინის შეტევა ლიბიის პორტში რუსულ სამხედრო გემზე ნიშნავს იმას, რომ კიევი საზღვაო დრონების მოქმედების არეალს აფართოებს", - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის" (The New York Times) 23 ნოემბრის ნომერში.
პუბლიკაციის ავტორები - მარია ვარენიკოვა და კარლოტა გოლი - ხაზს უსვამენ: ბენღაზის პრეცედენტი ადასტურებს იმას, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიიდან შორს მდებარე ზღვებშიც კი შეუძლია ოპერაციების ჩატარება.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
წლების განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი რუსეთ-უკრაინის ომის შორეულ ფრონტად გადაიქცა. უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალები სუდანში, მალისა და სირიაში 2023-2024 წლებში რუსეთის სამხედრო და დაქირავებულ ძალებს („ვაგნერელებს") უტევდნენ. ახლა კი, 2026 წლის ნოემბერში, უკრაინამ, პირველად, ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა - ოპერაციისთვის ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში გაშვებული დრონები გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ წინა დღეს რუსულ გემებზე განხორციელებული დარტყმების უკან უკრაინული ძალები იდგნენ. ზელენსკის თქმით, ერთი გემი - სარაკეტო კორვეტი - ჩაიძირა, მასთან ერთად განადგურდა რუსული საბრძოლო ვერტმფრენიც. უკრაინამ ასევე დაარტყა რუსულ მშრალტვირთმზიდ გემს, რომელიც, პრეზიდენტის განცხადებით, იარაღის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმებში უკრაინული წარმოების შვიდი საზღვაო დრონი მონაწილეობდა. მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოახერხა უკრაინამ ამ დრონების - რომლებიც, არსებითად, დისტანციურად მართვად, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სწრაფმავალ კატარღებს წარმოადგენენ - ხმელთაშუა ზღვაში შეყვანა. თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოპერაციაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SSU-SBU-უუს) მონაწილეობდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოპერაცია საიდუმლო ხასიათს ატარებდა.
ომის მიმდინარეობისას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SSU-SBU-უუს) ჩვეულებრივი, ქვეყნის შიგნით მოქმედი კონტრდაზვერვის უწყებიდან გარდაიქმნა სპეციალიზებულ ძალად, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დარტყმებსა და დივერსიულ ოპერაციებს ახორციელებს. აღნიშნული უწყება ჩართული იყო ომის ყველაზე გაბედულ ოპერაციებში, მათ შორის გასულ კვირას განხორციელებულ დარტყმებში, რომელთა შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა „ყირიმის//ქერჩის ხიდი", რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.
SBU-ს ცნობით, დრონები, რომლებიც კვირას, აღმოსავლეთ ლიბიაში, ბენღაზის პორტის სიახლოვეს განხორციელებულ თავდასხმებში გამოიყენეს, ერთ-ერთი გემიდან გაუშვეს. უწყებას არ გაუმჟღავნებია, თუ სად და რომელ გემზე იქნა განთავსებული დრონები, მაგრამ როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არსებობს ეჭვი, რომ ეს დასავლეთ ლიბიაში მოხდა, სადაც უკრაინელი ოპერატორები უკვე წლებია იმყოფებიან. ლიბიას ორი ერთმანეთის მეტოქე მთავრობა მართავს: ერთი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში - კირენაიკაშია განთავსებული, მეორე კი - დასავლეთ ნაწილში - ტრიპოლიტანიაში. კირენაიკაში არსებული მთავრობა რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირშია, ტრიპოლიტანიაში არსებული კი - დასავლეთთან.
ბენღაზზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის მიერ რუსული გემების წინააღმდეგ გააქტიურებული კამპანიის ნაწილია, რომელიც, ძირითადად, საჰაერო დრონების გამოყენებას ეფუძნება. ახლა კი საზღვაო დრონების მეშვეობით განხორციელებულმა მოქმედებამ აჩვენა, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიიდან შორს მდებარე ზღვებშიც კი შეუძლია ოპერაციების ჩატარება. საერთოდ, კიევი დიდი ხანია აცხადებს, რომ რუსულ სამხედრო ობიექტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაარტყამს.
უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმები საპასუხო ქმედებაა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვებზე, რომლებიც რეგულარულად ხდება. მაგალითად, ორშაბათს, დღისით, რუსულმა დრონებმა იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე - აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით. „ჩვენ ვპასუხობთ რუსეთის აგრესიას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ პოსტში, რომელიც მის ოფისთან მომხდარ თავდასხმამდე გამოაქვეყნა, - „ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ უკრაინულ შეიარაღებას".
ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჰელსინკი მხარს უჭერს კიევის უფლებას მტრის წინააღმდეგ მსგავსი დარტყმები განახორციელოს.
ლიბიის ნაპირთან რუსულ სამხედრო ხომალდზე დრონებით შეტევა მას შემდეგ მოხდა, რაც ფინეთის ყურეში (ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში) რუსულ სატვირთო გემს, „სპარტა II"-ს (Sparta II) დაარტყეს. მართალია, „მერკურისაგან" განსხვავებით, კიევს ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის უკან სწორედ უკრაინა დგას. ასევე უკრაინა მოიაზრება იმ შეტევების (ყველასი თუ არა, ზოგიერთის მაინც) „ავტორად", რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე რუსულ გემზე განხორციელდა - როგორც საჰაერო, ისე საზღვაო დრონების გამოყენებით.
მარტში მოსკოვმა უკრაინა დაადანაშაულა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში რუსულ ტანკერ „არქტიკ მეტაგაზზე" (Arctic Metagaz) თავდასხმაში, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია (ანუ იმ გემების სიაში შედის, რომლებსაც მოსკოვი დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს) და რომელსაც ეგვიპტეში გათხევადებული რუსული ბუნებრივი გაზი გადაჰქონდა.
გაეროს მისიამ ლიბიაში დაგმო ბოლო თავდასხმები და გააფრთხილა მხარეები, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა თუ რიტორიკისგან, რომლებიც სიტუაციას გაამწვავებს, ლიბიაში დაძაბულობას გაზრდის ან ქვეყანას უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში ჩაითრევს: „ლიბიას არ შეუძლია, და არც უნდა იქცეს, უცხოური კონფლიქტების ასპარეზად", - ნათქვამია მისიის მიერ კვირას გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებაში. თავის მხრივ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გაეროს მისიის ამ განცხადებით და უკრაინა ლიბიის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულეს.
ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბენღაზს გენერალ ხალიფ ჰაფთარის ძალები აკონტროლებენ. რუსეთი გენერალ ჰაფთართან ურთიერთობებს მას შემდეგ აფართოებს, რაც 2024 წელს, დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შედეგად, სირიაში (ლატაკიაში) თავისი ოპერატიული ბაზა დაკარგა.
უკრაინის საზღვაო თავდასხმები მიუთითებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც რუსეთთან საზღვაო სივრცეში გაბატონებისთვის მიმდინარე ბრძოლაში მოხდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, უპირატესობა მოსკოვს ჰქონდა. გავიხსენოთ, რომ რვა წლით ადრე, ყირიმის უკანონო ანექსიისას, რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი.
ტრადიციული სამხედრო-საზღვაო ძალების არქონის გამო, კიევმა უპილოტო დრონების გამოყენება დაიწყო. უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი არსენალი და, საბოლოო ჯამში, გაანადგურა რაკეტული კრეისერი „მოსკოვი", რუსეთის ოდესღაც სახელგანთქმული შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი. ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ უკრაინამ თავისი ოპერაციები ბალტიის, კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებზეც გააფართოვა.
თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი რისკი: ხმელთაშუა ზღვა სავსეა სამოქალაქო გემებით, ამიტომ იქ განხორციელებულმა დარტყმებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის ურთიერთობებს მოკავშირეებთან. მიმდინარე წლის დასაწყისში საბერძნეთის სანაპიროზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული საზღვაო დრონი, რის გამოც უკრაინას ბოდიშის მოხდა მოუწია. „მსგავსი ოპერაციები იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინას ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი სადაზვერვო ქსელი აქვს", - აცხადებს ანდრეი კლიმენკო, საზღვაო საკითხებზე ორიენტირებული ონლაინ-გამოცემის, Black Sea News-ის რედაქტორი.
ბენღაზი რუსული სამხედრო გემებისათვის შედარებით ახალ ნავსადგურს წარმოადგენს. ისტორიულად რუსები უპირატესობას ტობრუკის პორტს ანიჭებდნენ, რომელიც ბენღაზიდან 350 კილომეტრით არის დაშორებული. ბენღაზში რუსული ხომალდის შესვლა პირველად მოხდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: როგორ გაიგეს უკრაინელებმა ეს ფაქტი და როგორ შეძლეს მოკლე დროში მნიშვნელოვანი ოპერაციის მომზადება? „ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ან განსაკუთრებით ეფექტური სადაზვერვო მონაცემები უნდა ჰქონოდა, ან ოპერატიული დაგეგმვისა და ლოგისტიკის ისეთი მაღალი შესაძლებლობები, რაც მოკლე დროში თავდასხმის განხორციელების საშუალებას მისცემდა", - აღნიშნავს ალიონა გლივკო, უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი და ლონდონში არსებული „სენტ-ჯეიმსის საგარეო პოლიტიკის ჯგუფის" (St. James's Foreign Policy Group) აღმასრულებელი დირექტორი, - „ეს ფაქტი ასევე მიუთითებს უკრაინის მზარდ შესაძლებლობაზე, განახორციელოს საზღვაო ძალის პროექცია შავი ზღვის ფარგლებს გარეთაც, რაც, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან და ფართო გეოპოლიტიკურ შედეგებს გამოიღებს".
როგორც ანალიტიკოსი აბედ თალჯი აცხადებს (იგი შვედეთში ენერგეტიკისა და საზღვაო გადაზიდვების საკითხებზე მუშაობს), რუსულ გემებზე უკრაინული დრონების თავდასხმები მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობისა და გაზის მიწოდების ჯაჭვის დაზიანებას, რაც კრემლისთვის ომის საწარმოებლად ეკონომიკურ სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენს.
„სამხედრო ხომალდები, როგორც წესი, იმ ნავთობ//გაზის ტანკერების თანხლებისთვის გამოიყენება, რომლებიც რუსულ ნავთობს არქტიკიდან ან შავი ზღვიდან ჩრდილოეთ აფრიკაში ზიდავენ. მათი თავმოყრა, ძირითადად, ეგვიპტის, ალჟირისა და ლიბიის სანაპიროებთან ხდება ხოლმე", - განმარტავს აბედ თალჯი. მისი თქმით, ეს თავდასხმა დარტყმაა აგრეთვე გენერალ ხალიფ ჰაფთარის ძალაუფლებისთვის და სხვა ქვეყნებსაც დააფრთხობს, რათა აღმოსავლეთ ლიბიის პორტებით არ ისარგებლონ. „უკრაინა არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც აძლევს სიგნალს, რომ ლიბიაში გემების გაჩერება უსაფრთხო არ არის", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.