კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
უეს სტრიტინგმა ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა - "ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭირო გახდება" 22.11.2026 14:58

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის შემდეგ ევროპის უდიდესი ლიდერი უწოდა. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საჰაერო თავდაცვის, ერთობლივი სამხედრო წარმოებისა და ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის საჭიროებების საკითხები განიხილეს.

„არ ვფიქრობ, რომ უინსტონ ჩერჩილის შემდეგ რომელიმე ევროპელ ლიდერს თავისი ხალხის, ქვეყნისა და ჩვენი კონტინენტის ღირსებისა და თავისუფლებისთვის იმაზე მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე თქვენ გააკეთეთ", - მიმართა სტრიტინგმა ზელენსკის.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე შეაქო უკრაინელი ხალხის გამძლეობა და სიმამაცე და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება.

სტრიტინგმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევები. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ცივსისხლიანი მკვლელი" უწოდა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეხვედრებზე მშვიდობაზე საუბარი არაფერს ნიშნავს, თუ ამას უკრაინის დაბომბვა მოსდევს.

კიევში ვიზიტამდე სტრიტინგი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს დაესწრო. მან ასევე გააკრიტიკა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა და განაცხადა, რომ ევროპის პასუხი რუსეთის ქმედებებზე უფრო მტკიცე უნდა იყოს.

ბრიტანეთმა უკრაინისთვის 500 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა. თანხიდან 240 მილიონი ფუნტი საჰაერო თავდაცვის რაკეტების, გამშვები დანადგარებისა და რადარების მიწოდებას მოხმარდება. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფო უკრაინას 1 000 შორ მანძილზე მოქმედ დრონსაც გადასცემს, რომელთა ფრენის სიშორე 625 მილამდეა.

წყარო

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ