სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"იალტა 2.0"? დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი - აზიაში მიმდინარე მაღალი რანგის დიპლომატიური კვირეულის მთავარი ფიგურები" -Financial Times 17.11.2026 00:05

"იალტა 2.0"? დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი - აზიაში მიმდინარე მაღალი რანგის დიპლომატიური კვირეულის მთავარი ფიგურები" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ვრცელი სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში" (Financial Times), რომლის ავტორები არიან ჯო ლიჰი (პეკინიდან), დემეტრი სევასტოპულო (სან-ფრანცისკოდან), ლეო ლუისი (ტოკიოდან), ანანდა ლაკშმი (მანილადან), მაქს სედონი (ბერლინიდან) და ილია გრიდნეფი (ტორონტოდან). „სამიტები, რომლებიც ამ დღეებში ჩინეთსა და ფილიპინებში გაიმართება, ფონს ქმნიან გლობალური მასშტაბის ძლიერი მეტოქეების შეხვედრებისათვის" - ნათქვამია პუბლიკაციაში.


გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

 

ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, სამხრეთ ჩინეთის ქალაქი შენჯენი დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც აზიაში მიმდინარე უაღრესად მნიშვნელოვანი დიპლომატიური კვირეულის კულმინაცია იქნება.

ზოგიერთი ამ სამმხრივ შეხვედრას „იალტა 2.0"-ს უწოდებს - 1945 წელს ყირიმში გამართული კონფერენციის ანალოგიით, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი განსაზღვრეს.

მართალია, ამ შეხვედრისგან კონკრეტული შედეგების მოლოდინი მცირეა, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი ხვდება ავტორიტარ სი ძინპინსა და რევანშისტ ვლადიმერ პუტინს, მთელ მსოფლიოში დიდ რეზონანსს გამოიწვევს - განსაკუთრებით ისეთ დაძაბულ წერტილებში, როგორიცაა უკრაინა, ტაივანი და ახლო აღმოსავლეთი.

სამმხრივი მოლაპარაკებები, ისევე როგორც დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ორმხრივი შეხვედრა, გაიმართება ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის" (APEC) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.

მოსალოდნელია, რომ APEC-ის სამიტზე, რომლის წევრი ქვეყნების წილი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) შექმნაში 62%, ხოლო გლობალური ვაჭრობის სფეროში - დაახლოებით 50%-ს წარმოადგენს, განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პროდუქციის მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი. თუმცა, APEC-ის დისკუსიებს დაჩრდილავს როგორც სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრები, ასევე ჩინეთის ლიდერისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის შესაძლო შეხვედრაც (შეგახსენებთ, რომ სანაე ტაკაიჩის მიერ გასულ წელს ტაივანთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებებმა ჩინეთთან მწვავე დაპირისპირება გამოიწვია).

შენჯენამდე დონალდ ტრამპი მანილას (ფილიპინების რესპუბლიკის დედაქალაქს) ეწვევა, სადაც „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის" (ASEAN) ყოველწლიური სამიტი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაადასტურებს თავდაცვის სფეროში პარტნიორულ ურთიერთობებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ფილიპინები - სახელმწიფო, რომელიც ჩინეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული ტერიტორიული დავების გამო. ასევე გავრცელდა ვარაუდები, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა შეხვედროდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს (შენჯენში ან მანილაში), თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, მსგავსი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

„სამმხრივი შეხვედრა"

ბოლო თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სამმხრივი შეხვედრის იდეა რამდენჯერმე საჯაროდ გამოთქვეს. თავდაპირველად პეკინი სიფრთხილით ეკიდებოდა ამ წინადადებას, რადგან სი ძინპინისთვის ეს გარკვეულ რისკებს შეიცავდა - იმის გათვალისწინებით, რომ მისი ორივე პარტნიორი არაპროგნოზირებად პოლიტიკურ ფიგურებს წარმოადგენენ, თუმცა, ვაშინგტონსა და მოსკოვთან რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთმა თანხმობა განაცხადა.

შეხვედრის საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირის თქმით, ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა გადაწყვიტეს,რომ  წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგი არ ჰქონოდათ. ეს უჩვეულო ნაბიჯია მასპინძელი სი ძინპინის მხრიდან, რომელიც, როგორც წესი, უცხო ქვეყნის ლიდერებთან საუბრისას მკაცრად განსაზღვრული სცენარის დაცვას მოითხოვს.

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი წამოჭრის ბირთვული იარაღის კონტროლისა და მისი გავრცელების შეკავების საკითხებს, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს სურს მხოლოდ დისკუსიის დაწყება სამ უმსხვილეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის და არა კონკრეტული შეთანხმების მიღწევა. „ჩინეთისთვის ეს რთული თემაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ჩინეთმა პასუხისმგებლობა აიღოს და „ზრდასრულთა მაგიდასთან" დაჯდეს", - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

თავის მხრივ, სი ძინპინს სურს ხაზი გაუსვას დონალდ ტრამპთან და ვლადიმერ პუტინთან არსებულ ურთიერთობებს, თუმცა, იმავდროულად, ცდილობს თავიდან აიცილოს შენჯენის სამიტის შედარება (პარალელები) 1945 წლის იალტის კონფერენციასთან. როგორც ცნობილია, იალტის კონფერენციაში ჩინეთი არ მონაწილეობდა - მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომში, იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინისთვის ეს სამმხრივი ფორმატი გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რადგან შესაძლოა სტუმრებმა ჩინეთი აქტიურად „ჩაითრიონ" უკრაინისა და ირანის კონფლიქტების დარეგულირებაში. არადა, პეკინი ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში წამყვანი როლის აღებისგან თავი შეიკავოს.

მოსკოვი არ მალავს თავის სურვილს, რომ შენჯენის შეხვედრა „ახალ თანამედროვე იალტად" წარმოაჩინოს, რომელშიც ასახული იქნება კრემლის მიზნები ევროპის მასშტაბით, მაგრამ კრემლთან დაახლოებული პირის თქმით, ვინაიდან ჩინეთს არ სურს, აქტიური როლი შეასრულოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამი ლიდერი ამ საკითხს შენჯენში დეტალურად განიხილავს.

როგორც ცინხუას უნივერსიტეტის პროფესორი და ვეი ამბობს, ჩინეთი ამ სამმხრივ ფორმატს გამოიყენებს საკუთარი დიპლომატიური ძლიერებისა და სი ძინპინის, როგორც ბრძენი სახელმწიფო მოღვაწის შესაძლებლობების საჩვენებლად. მისი თქმით, საეჭვოა რომ ჩინეთი სერიოზულ მოლაპარაკებაში ჩაერთოს უკრაინასთან ან ირანთან ომების შესაწყვეტად, ან თუნდაც ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით, მაგრამ სავარაუდოდ, თავის პოზიციას დააფიქსირებს გლობალურ სტაბილურობის საკითხების განხილვისას. და ვეის აზრით, სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის საგარეო პოლიტიკის აქტიურობის დამადასტურებელი იქნება.

ალექსანდრე გაბუევმა, ბერლინში მდებარე „კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის" დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა რუსეთისთვის დაბალი რისკის მქონე ღონისძიებაა, რომელიც პუტინის პრესტიჟს ამაღლებს. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, ობიექტურად, აშშ-ისა და ჩინეთის თანაბარ ლიგაში  არ იმყოფება - თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ მისი ბირთვული არსენალის მასშტაბებს - შენჯენის შეხვედრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო დონის ლიდერის სტატუსს ანიჭებს", - განაცხადა მან.

ისევ სი და ტრამპი...

APEC-ის სამიტის ფარგლებში სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის ორმხრივი შეხვედრა წელს უკვე მესამე იქნება - ორი თვის წინ ტრამპმა თავისი ჩინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიღო, ხოლო ექვსი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში, მაიამიში (ფლორიდა) დაგეგმილ G20-ის სამიტზე, მოსალოდნელია მათი მეოთხე შეხვედრაც გაიმართოს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ვაჭრობასა და იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც აშშ-სა და ჩინეთის მეთაურებმა 2025 წლის ოქტომბერში სავაჭრო ომის შეჩერების მიზნით დადეს. აშშ-მა  ჩინეთი შეთანხმებული პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პეკინი ვაშინგტონს იშვიათმიწა ლითონების მხოლოდ ორ მესამედს აწვდის, რაც დაპირებულ მოცულობაზე ბევრად ნაკლებია. თავის მხრივ, ჩინეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ის ვაჭრობაში „დაზავების" პირობებს არღვევს. შეთანხმების ვადა 10 იანვარს იწურება.

„ჩინეთისგან ჩვენ ვიღებთ იშვიათმიწა ლითონებსა და მათგან მიღებულ პროდუქტებს, თუმცა არა ისეთი ტემპითა და მოცულობით, როგორიც ჩვენ გვსურს", - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, - „ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი ამ საკითხს თავმჯდომარე სი ძინპინთან შეხვედრისას წამოჭრის".

ჩინეთის სახელმწიფო მასმედია APEC-ის სამიტის წინ სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის ორმხრივ შეხვედრას თითქმის არ ახსენებს. ამის ნაცვლად, ყურადღება მახვილდება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის მრავალმხრივ ასპექტებსა და დიდებული მასპინძლის როლში მყოფ სი ძინპინზე. ჩინური ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, პეკინს არ სურს, რომ „აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობებმა APEC-ის სამიტის მთელი სივრცე დაიკავოს და მთელი „ჟანგბადი ამოწოვოს".

აშშ-ის კიდევ ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტებმა განიხილონ კომპანია Nvidia-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის ან მისი პარტნიორი ქალის, ჩინეთის მოქალაქის ელის ჰუანგის საკითხი: როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ ელის ჰუანგი ჩინეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ამ ქალბატონს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ჯენსენ ჰუანგთან, რომელმაც გახმაურებული სკანდალის გამო  თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. ჩინელი ანალიტიკოსის აზრით, სი ძინპინი, სავარაუდოდ, არც წამოჭრის ამ თემას, რადგან ჩინეთში შიშობენ: სკანდალის განხილვამ შესაძლოა ნეგატიური როლი შეასრულოს და ვაშინგტონ-პეკინის ისედაც დაძაბული ატმოსფერო კიდევ უფრო გააუარესოს.

შერიგდებიან თუ არა სანაე ტაკაიჩი და სი ძინპინი?

ბოლო 12 თვის განმავლობაში ტოკიოსა და პეკინს შორის ურთიერთობები გაუარესდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის განცხადებებმა ტაივანის შესახებ ისეთი დაპირისპირება გამოიწვია, რამაც მხარეები ჩიხში შეიყვანა. ამჟამად არცერთი მხარე არ გამოხატავს მზადყოფნას გამოსავალი იპოვოს.

დიპლომატების თქმით, APEC-ის სამიტის ფარგლებში სი ძინპინისა და სანაე ტაკაიჩის ხელის ჩამორთმევა შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს. შესაბამისად, ლიდერებს შორის რაიმე არსებითი მოლაპარაკების მოლოდინიც მცირეა.

არცერთ მხარეს არ აძლევს ხელს დათმობებზე წასვლა. ჩინეთის მთავრობა და მედია  ინტენსიურ ანტიიაპონურ კამპანიას აწარმოებენ, რომელშიც სანაე ტაკაიჩი წარმოდგენილია როგორც იმპერიალისტი და ომის მომხრე პოლიტიკოსი. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ ტაკაიჩის გაბედული პოზიცია ავტორიტარული ჩინეთის მიმართ მას სამშობლოში - იაპონიაში -  პოპულარობას უნარჩუნებს.

როგორ იცავს კანადა - „საშუალო სახელმწიფო" - თავის ინტერესებს

სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება. ეს შეხვედრა კანადის ლიდერის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აზიის ზესახელმწიფოებთან ინდოეთთან და ჩინეთთან - მისი, როგორც „საშუალო სახელმწიფოს" - ურთიერთობების აღდგენას, ასევე რეგიონული პარტნიორობის გაძლიერებას, რათა აშშ-თან ვაჭრობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება შემცირდეს

მიმდინარე წლის იანვარში მარკ კარნი გახდა კანადის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პეკინს ეწვია. ჩინეთ-კანადის ორმხრივი ურთიერთობები 2018 წელს გაუარესდა, როდესაც პეკინმა ორი კანადელი მოქალაქე დააპატიმრა. ეს ნაბიჯი პასუხი იყო კანადის მიერ ჩინური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორის მენ ვანჯოუს დაკავებაზე, რაც ვაშინგტონის მოთხოვნით, აშშ-ში მისი ექსტრადიციის მიზნით განხორციელდა.

ორი ქვეყნის ურთიერთობების დათბობის ფარგლებში, კანადა დათანხმდა ჩინური ელექტრომობილების შეზღუდული რაოდენობით იმპორტს, რომლებზეც ტარიფი 100%-დან 6,1%-მდე შემცირდა. თავის მხრივ, ჩინეთიც დათანხმდა ბარიერების გაუქმებას კანოლას (რაფსის ზეთის), ზღვის პროდუქტებისა და ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტზე.

მიმდინარე წელს ოტავასა და პეკინის წარმომადგენლები, ურთიერთობების აღდგენის მიზნით, ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ. ამ პროცესის კულმინაცია იყო ჩინეთის მიერ კანადაში 4 მილიარდი იუანის (600 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების სახელმწიფო „მწვანე ობლიგაციების" გამოშვება, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში იუანებში დენომინირებული ოფშორული ობლიგაციების პირველ განთავსებას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი მანილაში

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს მანილაში ჩავა, აზიაში სამდღიან ვიზიტს ფილიპინებში ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის) წევრი ქვეყნების სამიტზე დასწრებით დაიწყებს. დონალდ ტრამპი შეხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ლიდერებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ირანის კონფლიქტისა და ამერიკული სადამსჯელო სავაჭრო ტარიფებით, რაც ეჭვს ქმნის რეგიონის მიმართ აშშ-ის ერთგულ დამოკიდებულებაში. მოსალოდნელია, რომ მანილაში დაიდება სავაჭრო შეთანხმება აშშ-სა და ტაილანდის შორის.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება თავის კოლეგებს „ოთხეულიდან" -  უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ჯგუფიდან, რომელშიც, ამერიკასთან ერთად, შედიან იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი დონალდ ტრამპი მოელაპარაკება ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს- უმცროსს, რომელთანაც აშშ-ს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება აქვს დადებული.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დონალდ ტრამპი თავის ვიზიტს დაასრულებს რიგი კომერციული გარიგებებითა და სტრატეგიული ინვესტიციებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ავიაცია, თავდაცვა, ენერგეტიკა და მაღალი ტექნოლოგიები, რაც „გააძლიერებს ამერიკის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, იმავდროულად განამტკიცებს ამერიკის ლიდერობას თავისუფალ, ყველასათვის ღია ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში".

 

წყარო:

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ