14.11.2026 16:27
რუსეთმა აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებებისას ნატო-ს პოზიციების 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება მოითხოვა. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, NYT-მა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც რუსეთის დელეგაციის წევრებმა მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრისას გადასცეს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია: მოსკოვი კვლავ მოითხოვს, რომ ნატო-მ სამხედრო ბაზები და აქტივობა 1997 წლის საზღვრებში დააბრუნოს.
კერძოდ, რუსეთი ალიანსისგან აღმოსავლეთ ფლანგიდან, მათ შორის პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, სამხედრო ძალების გაყვანას ითხოვს.
როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, დოკუმენტი იმეორებს რუსეთის მიერ 2021 წლის დეკემბერში წამოყენებულ მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე და უკრაინაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში „ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობაზე".
ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებებისას მიანიშნეს, რომ პუტინი გარკვეული მოქნილობისთვის მზად არის.
NYT-ის ინფორმაციით, აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კრემლი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპის მოწყობის მოდელად ცივი ომის პერიოდისა და ვარშავის პაქტის ალიანსის გამოცდილებას განიხილავს.
რუსეთის წარმომადგენლების მტკიცებით, იმ პერიოდში ევროპაში აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროების არსებობა კონტინენტზე კონფლიქტების წარმოქმნის რისკებს ამცირებდა.