04.11.2026 23:28
„როგორ შეიტანა ვლადიმერ პუტინმა განხეთქილება დასავლეთის ქვეყნებს შორის“ — ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 3 ნოემბრის ნომერში, რომლის ავტორია ცნობილი პოლიტიკური კომენტატორი და საერთაშორისო მიმომხილველი გიდეონ რიჩმანი. როგორც იგი აღნიშნავს, დასავლურ ალიანსში რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე სამი განსხვავებული მიდგომა ჩამოყალიბდა და თითოეულს თავისი სუსტი წერტილები აქვს. და საერთოდ, „ღირს კი ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკი?“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთის პრეზიდენტს დასავლელი ლიდერებით მანიპულირების დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ჯორჯ ბუში აცხადებდა, რომ „მას თვალებში ჩავხედე, პირდაპირ და სანდო ადამიანად ჩავთვალე... შევძელი მისი სულის დანახვა“. გერმანელ ანგელა მერკელს და ფრანგ ფრანსუა ოლანდს ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკება ჰქონდათ ვლადიმერ პუტინთან ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკელმა სტივ უიტკოფმა, დონალდ ტრამპის ემისარმა, ამას წინათ [დასავლური] გულუბრყვილობა ახალ დონეზე აიყვანა და ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. მომდევნო დილით კი ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურის სარაკეტო დაბომბვის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი ვლადიმერ პუტინის რუსეთთან ურთიერთობას აგრძელებს. რუსები, უკრაინელები და ამერიკელები ერთმანეთს მალე აბუ-დაბიში (არაბთა საემიროებში) შეხვდებიან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ამ ფონზე დასავლეთში ჩამოყალიბდა სამი სხვადასხვა მიდგომა ვლადიმერ პუტინისადმი.
პირველს განასახიერებენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტის სიძე. ისინი ცდილობენ აიძულონ უკრაინა დამატებითი ტერიტორიების დათმობაზე, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს დაკავებული. იმავდროულად ზრუნავენ საქმიანი გარიგებების დადებაზე რუსეთთან.
მეორე მიდგომა გამოიხატება ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრე სტუბისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის იონას სტიორეს მოქმედებაში: ეს ორი ლიდერი უკრაინას მტკიცედ უჭერენ მხარს, მაგრამ თვლიან, რომ ევროპელებისათვის აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი კონტაქტები. გასულ კვირას ისინი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით 90 წუთის განმავლობაში ესაუბრნენ.
მესამე თვალსაზრისი გამოიხატება იმაში, რომ კრემლის მეთაურთან მოლაპარაკება უშედეგო და კონტრპროდუქტიულია. ასეთი მიდგომა პოპულარულია პოლონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში.
მრავალი თვის განმავლობაში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთთან და უკრაინასთან დიალოგებში დომინირებდნენ. მათი წინადადებები, რომელთა თანახმად, უკრაინამ ის ტერიტორიებიც უნდა დათმოს (სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით), რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს, კიევში და ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ღალატად იქნა აღქმული. ბოლო დროს ორივე ემისარმა დაიწყო იდეის ინიცირება ომის შემდგომ საქმიანი გარიგებების დადებაზე რუსეთთან, ანუ მათი აზრით, კრემლთან სამშვიდობო შეთანხმების დადებაში ბიზნესმა ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს. თუმცა ამ წინადადებებსაც ევროპის ქვეყნები უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობად თვლიან, უარეს შემთხვევაში კი — კორუფციულ იდეად.
ალექსანდრე სტუბი და იონას სტიორე მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, მაგრამ ისინი ასევე თვლიან, რომ როგორც ევროპისათვის, ასევე უკრაინისათვის ცუდი იდეა იქნებოდა, მხოლოდ ვაშინგტონს ჰქონდეს ვლადიმერ პუტინთან დიალოგის უფლება, ევროპა კი კრემლთან კავშირიდან „გარიყული იყოს“. მათ ორივეს სურთ ევროპის დაბრუნება „თამაშში“.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინთან საუბრის წინ, ფართო კონსულტაციები ჰქონდათ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მათ რუსეთის ლიდერთან საუბრის დროს ისარგებლეს მომენტით და უთხრეს, რომ ზელენსკი დაინტერესებულია მასთან პირდაპირი მოლაპარაკებით როგორც ტერიტორიულ საკითხებზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე — როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისათვის. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, თანხმობა განაცხადა, უკრაინის მეთაურს შეხვდეს, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როცა ნათელი გახდება — დელეგაციების მოლაპარაკების შედეგად საბოლოო შეთანხმება უკვე ახლოსაა.
და საბოლოო შეთანხმების დადება რომ მოახლოვდეს, ამ მიზნით რუსეთის, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა განიხილეს „ნდობის განმტკიცების ზომები“, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტას ენერგოობიექტების მიმართ, მარცვლეულისა და სურსათის დაუბრკოლებელ, უსაფრთხო ექსპორტს, ტყვეების გაცვლას.
გარკვეულ ეტაპზე, სტუბი და სტიორე გეგმავენ, რომ გვერდზე გადგნენ და კრემლთან დიალოგის წარმართვა გერმანიას, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს (ასევე ევროკავშირსა და, შესაძლოა, იტალიას) გადასცენ, თუმცა ისინი უკვე ზოგიერთმა ევროპელმა კოლეგამ მწვავედ გააკრიტიკა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ „ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ნორვეგიისა და ფინეთის ინიციატივის მიმართ“, რომელსაც, მისი აზრით, ევროპული ერთიანობისათვის ძირის გამოთხრა შეუძლია და, შესაბამისად, რუსეთზე ბრიუსელის ზეწოლას შეასუსტებს.
შესაძლოა, სტუბისა და სტიორეს მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ პუტინი მათ დამცველად გამოვიდა და ისინი შეაქო — „ევროპაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება (როგორც ამას ზოგიერთები ცდილობენ), არამედ სურთ, დაამყარონ გარკვეული სახის კონსტრუქციული დიალოგი“.
უნდა იყოს თუ არა ევროპის მიზანი რუსეთის „სტრატეგიული მარცხი“? ეს საკითხი მართლაც დევს ალექსანდრე სტუბისა და მეტე ფრედერიქსენის ბანაკებს შორის დავაში.
დანიელი ლიდერისათვის — და მათთვისაც, ვინც მეტე ფრედერიქსენივით ფიქრობს — ომის დასრულების ერთადერთ მისაღებ ვარიანტს რუსეთის დამარცხება და პუტინის რეჟიმის კრახი წარმოადგენს.
მაგრამ სტუბისა და სტიორეს ბანაკში რუსეთის „სტრატეგიული მარცხის“ იდეას სახიფათო ქიმერად (ილუზიად) თვლიან, რომლის მიღწევა შეუძლებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთის მარცხი ნაკლებად სავარაუდოა და თუნდაც რუსეთი დამარცხდეს, შედეგი ევროპისთვის არცთუ ისე უვნებელი იქნება. უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის პარალელურად, ისინი უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ევროპისა და რუსეთის ურთიერთობა ომის შემდგომ პერიოდში.
პუტინთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ შიდადასავლურ დავაში ყოველ მხარეს აქვს თავისი „სუსტი წერტილები“. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რწმენა იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებაზე რაღაც ეკონომიკური სარგებლის შეთავაზებით დაითანხმო, პუტინის მოტივაციის მცდარ აღქმას ეფუძნება. რუსეთი უკრაინას თავს დაესხა არა რაღაც ეკონომიკური მიზეზებით, [არამედ გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად], ამიტომ ომს კრემლი ნავთობზე [დიზელის საწვავზე] გარიგების შედეგად არ დაასრულებს.
თუმცა ისინი, ვინც რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას მხარს უჭერენ, ამჟამად ვერ გვთავაზობენ დამაჯერებელ ხედვას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს მიზანი იქნას მიღწეული. ამასთან, ისინი ხშირად სათანადოდ არ აფასებენ იმ უზარმაზარ ზარალს, რომელსაც უკრაინა ომის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების შემთხვევაში მიიღებს.
მეორე მხრივ, ის ევროპელები, რომლებიც ახლა პუტინთან დიალოგის დაწყებას ცდილობენ, შესაძლოა, საკუთარ თავს ატყუებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის პუტინი რეალურად მზად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ლიდერი ზამთრის განმავლობაში უკრაინის მუხლებზე დაჩოქებას აპირებს და ამ მიზნით ცდილობს გაანადგუროს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რაც შეეხება თვითონ ვლადიმერ პუტინს, ის საკუთარი ილუზიების ტყვეობაშია. რუსეთის ლიდერი მუდმივად აჭარბებს რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებებს და, ამავდროულად, აკნინებს უკრაინის მედგარ და შეუდრეკელ წინააღმდეგობას.
მოკლედ, უკრაინაში მშვიდობის დამყარება მშვენიერი რამ იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მშვიდობამდე ჯერ კიდევ შორია.