02.11.2026 22:41
„პუტინი, ტრამპის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, იზოლაციიდან გამოდის" - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის" (The New York Times) ორი ნოემბრის ნომერში, რომლის ავტორი - გამოცემის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი პოლ სონი, აანალიზებს რა რუსეთის პრეზიდენტის საერთაშორისო კავშირებს, აღნიშნავს: „ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების შემდეგ, რუსი ლიდერი მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებთანაც აწარმოებს და, როგორც ჩანს, იგი მალე მსოფლიო დიპლომატიურ არენას დაუბრუნდება - ახლო მომავალში დაგეგმილ უმაღლესი დონის სამიტებში მონაწილეობის შედეგად".
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამას წინათ ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს, ასევე გაზის ექსპორტიორი ქვეყნების მეთაურთა ფორუმზე, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, მიიღო და ესაუბრა კატარის ემირს და ირანის პრეზიდენტს. ასევე ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა მოსკოვში გამართული აფრიკის სახელმწიფოების ლიდერთა ფორუმში და სტუმრებს ურჩია ყურადღება მიექციათ თავიანთი ქვეყნების სოციალური ქსელებისათვის, რომ ისეთი პროტესტების წინაშე არ დამდგარიყვნენ, როგორიც საფრანგეთში მოხდა. კრემლის მეთაურმა მათ გააცნო გეგმები, თუ როგორ ქმნის რუსეთი Starlink-ის ანალოგს, თუმცა იქვე განაცხადა, რომ მოსკოვი მჭიდროდ თანამშრომლობს ილონ მასკთან, რომელსაც, რუსმა ლიდერმა „ბრწყინვალე ადამიანი" უწოდა.
მოკლედ, გასული თვის ბოლო კვირაში რუსეთის პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურობდა დიპლომატიურ არენაზე, რაც იმას ადასტურებს, რომ უკრაინასთან ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ დასავლეთის მცდელობები - რუსეთი იზოლაციაში მოექცია და საერთაშორისო ურთიერთობებიდან გაერიყა, უშედეგო აღმოჩნდა: რუსეთი ისევ აქტიურობს და იქ, სადაც კრემლმა დროებით უკან დაიხია, მისი გავლენები და კავშირები უკვე აღდგენილია.
ვლადიმერ პუტინი იღებს ქება-დიდებას, მიწვევებს მაღალი დონის შეხვედრებში, მას ანგარიშს უწევს აშშ, რომელიც დათმობებზე მიდის და ეს ხდება უკრაინასთან ომის ესკალაციისა და მისი მტკიცე განზრახვის - არ დათანხმდეს არავითარ კომპრომისს - მიუხედავად.
სხვათა შორის ამ მხრივ ნიშანდობლივია ისიც, რომ ინფორმაცია, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების მოხსნის შესაძლებლობას რუსეთის საფლაგმანო საინვესტიციო ფონდის მიმართ, მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსი ლიდერი დათანხმდა ამერიკელი კოლეგის თხოვნას დიზელის საწვავის ექსპორტის თაობაზე. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის პრეზიდენტს „ჰუმანისტი" უწოდა.
„ვფიქრობ, კრემლში გამარჯვებას ზეიმობენ", - ამბობს შტეფან მაიზერი, რუსეთის ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოდან, - „თავისი აგრესიული მოქმედებისაგან დამოუკიდებლად, კრემლმა იმას მიაღწია, რაც მისთვისაც კი მოულოდნელი იყო".
მალე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს უნდა ეწვიოს, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) წევრი ქვეყნების უმაღლესი დონის სამიტს მასპინძლობს ქალაქ შენჟენში, 18-19 ნოემბერს. დიდი ალბათობით, იქვე გაიმართება სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მონაწილეობით, ანუ რუსეთის ლიდერი თანასწორი იქნება მსოფლიოს ორი ზესახელმწიფოს ლიდერებისა და მათ გვერდით აღმოჩნდება. შემდეგ დეკემბერში, კრემლის ბინადარი, როგორც ჩანს, აშშ-ში, მაიამიში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის" ლიდერთა სამიტში. ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა მიწვევა უკვე გაუგზავნა, რომელმაც აშშ-ის ზოგიერთი ნატოელი მოკავშირის უკმაყოფილება გამოიწვია.
ამასობაში კი, სანამ ვლადიმერ პუტინი თანმიმდევრულად გამოდის დასავლური იზოლაციიდან, კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობის გაუარესება გრძელდება. ზამთრის წინ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ყველაზე მკაცრი იქნება ომის დაწყების დროიდან, უკრაინა განსაკუთრებით მოწყვლადად მოჩანს.
გასულ თვეში დონალდ ტრამპმა საჯაროდ, ღიად მოუწოდა უკრაინელებს ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის პოსტიდან გადაეყენებინათ და მას მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე არსებული ბარიერი უწოდა. შემდეგ უკრაინის არმიას პრობლემები შეექმნა თანამგზავრული ინტერნეტ-ქსელის „სტარლინკის" სამხედრო ვერსიით სარგებლობის დროს. ასევე აშშ აღარ აწოდებს უკრაინას - ნატოელი მოკავშირეების მეშვეობით - ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, მაგალითად, „პეტრიოტის" რაკეტ-დამჭერებს, რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევათა მოსაგიერიელებლად.
მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი მიანიშნებდა, რომ მას ლოდინი შეუძლია, სანამ უკრაინის ამერიკელი და ევროპელი მხარდამჭერ-დამხმარეთა ნებისყოფა არ დასუსტდება. ახლა, როცა დონალდ ტრამპმა ფაქტიურად ზურგი შეაქცია უკრაინას და მოსკოვთან ახალი შეთანხმებების დადებაზე ფიქრობს, როცა მასობრივი უწესრიგოებები და საშინაო-საგარეო ვალებთან დაკავშირებული პერსპექტიული კრიზისის საფრანგეთს არყევს და ამით უკიდურესად მემარჯვენე ძალების პოზიციები მყარდება, რუსეთის ლიდერის მომლოდინე ტაქტიკა ამართლებს.
„ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ იგი მართალი იყო, როცა ფიქრობდა - მას უბრალოდ, გარკვეული დროით ლოდინი დაჭირდებოდა, რომ დონალდ ტრამპისაგან იმაზე უფრო მეტი მიეღო, რამდენსაც იმედოვნებდა", - ამბოს შტეფან მაისტერი.
აშშ-სა და უკრაინას შორის უთანხმოების გაღრმავების კვალობაზე, ევროპა სახიფათო მდგომარეობაში მოექცა და ახლა ევროკავშირი ცდილობს როგორმე შეთანხმებულად იმოქმედოს რუსეთთან მიმართებით - ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების მიზნით და თუ ამას გადაწყვეტენ, მაშინ დღის წესრიგში დადგება საკითხი - ვინ გამოვა შუამავლის როლის შემსრულებლად.
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას-გარ სტერე გასულ სამშაბათს ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრნენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სატელეფონიო ზარი იმის ნიშანია, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი დაინტერესებულია კონსტრუქციული დიალოგის დაწყებით რუსეთთან. თავის მხრივ, სატელეფონო საუბარი ევროკავშირში დავის მიზეზი გახდა: დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს უსაყვედურა, რომ მათ სხვების დაუკითხავად მარტო არ უნდა ემოქმედათ ასეთი ნაბიჯის გადადგმისას.
თუმცა შტეფან მაისტერის აზრით, აღნიშნული სატელეფონო საუბარი ადასტურებს, რომ ევროპა აღიარებს იმ საფრთხეს, რომლის წინაშეც ის დგას: „მათ მართლაც ეშინიათ, რომ დადგება გადამწყვეტი მომენტი და ისინი ამერიკას დაკარგავენ".
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი მწვავედ აკრიტიკებდა ევროპელ ლიდერებს და მათ ადანაშაულებდა, რომ მათი ქვეყნები ვალებში არიან ჩაფლულნი, ევროპის მოსახლეობას გადასახადები ემატებათ, უარს ამბობენ იაფი რუსული გაზის იმპორტზე და, შესაბამისად, ევროპული მთავრობები მოსახლეობის ინტერესს არ ითვალისწინებენ, უკრაინის დასახმარებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, საკუთარ მოქალაქეებზე კი არ ზრუნავენ.
„ევროპა როცა უარს ამბობს რუსულ იაფ გაზზე და გრძელვადიან კონტრაქტებს აუქმებს, ამით საკუთარ მრეწველობას და სოციალურ სფეროს ურტყამს", - ხაზი გაუსვა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერებტან შეხვედრისას, - „იცით, არსებობს ასეთი ანდაზა - „სხვისთვის გათხრილ ორმოში შენ თვითონ ჩავარდები".
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის და ვლადიმერ პუტინის შესახებ დაწერილი წიგნის „ჩვენ მათ გადავიტანთ" ავტორის ჰანა ნოტეს თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი უშუალოდ ეხება საფრანგეთსა და გერმანიას, სადაც მოსახლეობაში პოპულარული ულტრამემარჯვენე პარტიები უკრაინისადმი მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდიან.
ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი მარინ ლეპენი საზოგადოებრივ გამოკითხვებში სტაბილურად ლიდერობს - იგი ემზადება სათავეში ჩაუდგეს საფრანგეთს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომელიც გაისად გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. „რუსეთი მხარს უჭერს უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტას და ამით ეთანხმება როგორც მარინ ლეპენის, ასევე სხვა ევროპელი პოლიტიკოსების ხაზს, რიგ ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების წინ", - ამბობს ჰანა ნოტე. მისი თქმით, კრემლის მიზანია დაარწმუნოს ევროპელი ამომრჩევლები იმაში, რომ მათი პოლიტიკოსები საკუთარი ხალხების წინააღმდეგ გამოდიან, რომ ისინი დიდ ფულს ხარჯავენ შეიარაღებაზე, ომის მომზადებაზე რუსეთის წინააღმდეგ - იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის შიგნით საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ და გაჩენილი სოციალური პრობლემები მოუგვარონ. ამის ნათელი მაგალითია საფრნგეთში მომხდარი ფართო საპროტესტო გამოსვლები".