Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU

ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსში" (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინაში ომს მხოლოდ დიპლომატია დაასრულებს", რომლის ავტორი მეთიუ პერისი წერს: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოწოდებებს „არცერთ სანტიმეტრ მიწას არ დავთმობთ" და მის მსგავსებს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ უკრაინელები მზად არიან ტერიტორიები მშვიდობას მსხვერპლად შეწირონ, თუ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები იქნება".


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ერთ-ერთი მთავარი წყევლა, რომელსაც დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოს უგზავნის, იმაში გამოიხატება, რომ იგი კარგ იდეებს მათ რეალიზებაში თავისი მონაწილეობით აფუჭებს. ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება სწორედ აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებით ჩაიშალა.


ზამთრის მოახლოების კვალობაზე სამშვიდობო შეთანხმების დადება რუსეთსა და უკრაინას შორის შორის სულ უფრო აუცილებელი ხდება, მაგრამ თავისი დაუფიქრებელი განცხადებებით დონალდ ტრამპი თვით კომპრომისის იდეას შეურაცხყოფს. იგი ასევე შეურაცხყოფს ვოლოდიმირ ზელენსკისაც იმით, რომ მისი დესპანი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ქება-დიდებას უძღვნის და „ჰუმანისტად" მოიხსენიებს.


ომის შეწყვეტა აუცილებელია, შესაბამისად, მეტოქეებს დაზავება მოუწევთ. ხდება ხოლმე ზოგჯერ, რომ გარიგება ყველაზე ცუდ ადამიანებსაც და ერთმანეთის დაუძინებელ მტრებს შორისაც კი იდება. ყოველ შემთხვევაში, ჯორჯ ოსბორნი [ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, კონსერვატორი, ხაზინის ექს-კანცლერი, ანუ ფინანსთა მინისტრი] საკუთარ თავში ძალას აღიარების პოულობს და გულწრფელად ამბობს: „როგორია დიდი ბრიტანეთის წვლილი ომის დასრულების მცდელობებში? თუ ჩვენ მხოლოდ ბედს ვართ მინდობილი? ხშირად ვაცხადებთ - „რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკრაინას მხარს მაინც 100%-ით დავუჭერთ", მაგრამ რატომ არ ვცდილობთ კომპრომისის მოძებნას?"
იმათ, ვინც თვლის, რომ „ჩვენ 100%-ით უკრაინის მხარეზე ვართ" და ეს ნორმალურია, მე ვეკითხები: 100%-ით, მაგრამ რისთვის? „არცერთი დიუიმი კომპრომისი", - აცხადებს ბენ უოლესი, ბრიტანეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი. და რას გვთავაზობენ დივანზე წამოწოლილი კლავიატურიანი მამაცი მეომრები მისაღწევ მიზნად? იმას, რომ პუტინი ხელებს აწევს და უსიტყვო კაპიტულაციას გამოაცხადებს, ყირიმს დატოვებს და საერთოდ, თავის ჯარებს ულაპარაკოდ გაიყვანს დონბასიდან?


და შემდეგ რა? ვის ჰგონია, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში გამოიფიტება, სისხლისგან დაიცლება და, უბრალოდ, დაინგრევა? კრემლში გადატრიალება მოხდება, პუტინს დაამხობენ და მას ვინმე ლიბერალი-ევროფილი ჩაანაცვლებს? შემდეგ რუსეთი განაცხადებს, რომ ომი საშინელი შეცდომა იყო და თავისი ბიუჯეტიდან უკრაინას ტრილიონებს გადაუხდის რეპარაციის სახით? ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია [თანამედროვე სიტუაციაში]. ლოზუნგის „უკრაინამ არცერთი მტკაველი მიწა არ უნდა დათმოს" მომხრეები ილუზიებში ცხოვრობენ.


კომპრომისზე უარის თქმის შემთხვევაში, ასეთი შედეგი უფრო სავარაუდოა: კონფლიქტი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, საბოლოო მიზანს ვერცერთი მხარე ვერ მიაღწევს, ორივე მხრიდან ახალგაზრდები დაიღუპებიან, ევროპული ქვეყნების ხაზინა კი, უკრაინისათვის სულ უფრო მზარდი დახმარებით, მილიარდებს დაკარგავს.


მოდით, რამდენიმე ციფრს შევხედოთ და სიტუაცია გავაცნობიეროთ:


რუსეთ-უკრაინის ომის ღირებულება ამ მომენტისათვის გამოთვლილი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი სამთავრობო შეფასების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დაახლოებით 25 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოუყო, თუმცა ჩვენ ყველაზე გულუხვი დონორი არ ვართ, გერმანია, მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლით, უფრო მეტად ეხმარება. ასევე იქცევა ევროპის სხვა 11 ქვეყანაც. და ყველას ახსოვდეს, რომ ყოველი ელექტროსადგური, საწყობი, საცხოვრებელი სახლი, რკინიგზა თუ ხიდი - რომლებიც [რუსების მიერ] უკრაინის ღამის ცაზე მოწყობილი რაკეტული ფეირვერკის შედეგად ნარინჯისფერი ცეცხლით იწვიან და იბუგებიან - მათი აღდგენა ჩვენ მოგვიწევს, ანუ კიდევ მილიარდობით გირვანქა სტერლინგი უნდა დავხარჯოთ. ასევე არ არის რეალური მონაცემები ომის ხორცსაკეპის „მარგი ქმედების კოეფიციენტზე", რომლის შედეგად უამრავი უკრაინელი და რუსი მებრძოლი იხოცება... ისინი ხომ ძვირფასებია მათთვის, ვისაც ისინი უყვართ! ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის გამოთვლით, ივნისისთვის უკრაინის დანაკარგებმა 150 ათასამდე დაღუპული სამხედრო მოსამსახურე შეადგინა, რუსეთისა კი უფრო მეტი - 450 ათასამდე.


დაჭრილი და დასახიჩრებულია ნახევარმილიონამდე მამაკაცი ორივე მხრიდან, რომელთაგან ათი ათასობით სამუდამო ინვალიდად დარჩება. მათ ხომ ოჯახები ჰყავთ, დედები ჰყავთ, რომლებისთვისაც შვილების უმწეო მდგომარეობა კოლოსალური ტრაგედიაა. განა ჩვენ შეგვიძლია მათი მწუხარება შორიდან შევაფასოთ? როგორ შეგვიძლია ჩვენ შორიდან მოვუწოდოთ რომელიმე მხარეს „არ დაიხიოთ არცერთი ნაბიჯით უკან", „არ დათმოთ არცერთი დიუიმი მიწა" - ჩვენ, რომლებიც აქ მშვიდად, უსაფრთხოდ ვცხოვრობთ და ამაყად ვლაპარაკობთ ღირსებაზე?


ღირსება ის „სიმაღლეა", რომლის აღებისთვისაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. გულისამრევია იმ ტრაბახა კომენტატორების მსჯელობა, რომლებსაც არასოდეს არ უბრძოლიათ და რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე არ ყოფილან. მათ შეუძლიათ რამდენიც სურთ იმდენი ილაპარაკონ თვითშეწირვის იდეალებზე და აცხადონ, რომ „ჩვენ უკრაინელი დაღუპულებისადმი ვალში ვართ, რომ ისინი ჩვენ გვიცავენ და რომ მათ უნდა გავუგრძელოთ დახმარება და სხვებსაც მოვუწოდოთ, საომრად წავიდნენ". მაგრამ მკვეხარა კომენტატორებს, როცა უკრაინელებს ბრძოლისაკენ მოუწოდებენ, თავში აზრად არ მოსდით - დაღუპულ მებრძოლებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ალბათ, შეგვევედრებოდნენ, რაც შეიძლება მალე შეწყდეს მათი დამღუპველი ომი.


ღირსება ღირსებად, მაგრამ რეალიზმს რა ვუყოთ? რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია? დავანებოთ თავი აბსტრაქტულ ცნებებს, მოწოდებებს და ყურადღება კონკრეტულ წინადადებებს მივაქციოთ. როცა მე უკრაინაში, ფრონტის ხაზზე ვიყავი, ახალგაზრდებს შორის და მათ ვესაუბრებოდი, შევამჩნიე მათი მზადყოფნა სამშვიდობო გარიგებისათვის.


როგორი პირობებით? როგორით და ასეთით: თავდაპირველად - დაზავება. შემდეგ - რუკები მაგიდაზე. რის დატოვება შეუძლია რუსეთს თავისთვის? რა თქმა უნდა, ყირიმისა, რომელიც ისტორიულად უკრაინის შემადგენლობაში არ ყოფილა. შემდეგ - სიტუაციის ანალიზი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის რუსული ენა მშობლიურ ენას წარმოადგენს. აქ არსებული ფრონტის ხაზი შეიძლებოდა ათვლის წერტილი ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულად იქნება. მოლაპარაკება შეიძლება ვაჭრობად გადაიქცეს - ცინიკურ, ამაზრზენ, გაჭიანურებულ ვაჭრობად... მაგრამ რას ვიზამთ - გადახედეთ ისტორიას, ბევრი ომი სწორედ ასე მთავრდება.


არის რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, უფრო სწორად კი აბსოლუტურად მნიშვნელოვანი საკვანძო გარემოება (მე ეს მაშინაც გავიგე, როცა მებრძოლებს ვესაუბრებოდი), რომელსაც შეუძლიათ უკრაინის ფარული მზადყოფნა კომპრომისისათვის გახსნას და რეალობად აქციოს. ეს არის უსაფრთხოების გარანტიები. ჩემი აზრით, სწორედ ღრმა უნდობლობა იმისა, რომ საზავო შეთანხმების პირობებს რუსეთი არ შეასრულებს, არის ის, რის გამოც უკრაინელები თავს იკავებენ მოლაპარაკების დროს კომპრომისზე წასვლისაგან.


ჩვენ - ევროპას და ამერიკას - შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ. უკრაინის ნატოს წევრად მიღება, რომელიც რუსეთის მრისხანებას იწვევს, ზედმეტად რადიკალური ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ ხომ შეიძლება ევროკავშირის წევრობა? ასეთ შემთხვევაში უკრაინაში იქნებოდნენ ევროპელი, ამერიკელი და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები (მაგრამ არა უშუალოდ ნატოს სახელით). ვაშინგტონს შეუძლია ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ იდეის რეალიზებაში. არა მგონია, რომ დონალდ ტრამპმა, რომელსაც ნამდვილად სურს მსოფლიომ მშვიდობისყოფლად აღიაროს, ასეთი შესაძლებლობა უარყოს.


არ არის გამორიცხული, რომ კრემლი ამგვარ წინადადებას დაუყოვნებლივ უარყოფს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის, თავის მხრივ, ძალიან გაუჭირდება დათმობებზე თანხმობა... მაგრამ ორივე მხარე, ალბათ, კერძო პირადულ საუბრებში ამგვარი გადაწყვეტილების უპირატესობას აღიარებენ.


პრობლემა იმაშია, თუ როგორ უნდა იქნას გავლილი ეს გზა საწყისი წერტილიდან ბოლო წერტილამდე... მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია. დროა ვცადოთ.

 

წყარო

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ