19.10.2026 18:42
აზერბაიჯანის ყოველკვირეულ ჟურნალ „რიჯენ ფლას"-ში (Region Plus, 17 ოქტომბერი, №554) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ერთი წლის შემდეგ: რატომ ვერ მიიყვანა საქართველო ხელისუფლების ცვლილებამდე ოპოზიციის საერთაშორისო მხარდაჭერამ და როგორ აიცილა თავიდან თბილისმა 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარი" (ავტორი - ნამიკ ალიევი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია ერთი წლის წინათ საქართველოში მომხდარი პოლიტიკური კრიზისის გაკვეთილები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ერთი წლის წინ საქართველო უახლესი პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდის წინაშე აღმოჩნდა: თბილისის ქუჩებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ, რომელთა ნაწილმა „მშვიდობიანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადეს და შეეცადნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრილიყვნენ, მაგრამ ისინი პოლიციამ შეაჩერა. ის, რაც კულმინაცია უნდა გამხდარიყო ხელისუფლების ქუჩური ცვლილების დროს, სრულიად სხვაგვარად დამთავრდა. რატომ მოხდა, რომ სცენარმა, რომელიც მასობრივ პროტესტზე, პოლიტიკურ ზეწოლაზე და საზღვარგარეთიდან მხარდაჭერაზე იყო გათვლილი, ხელისუფლების ცვლილება ვერ გამოიწვია?
არჩევნების ქუჩით ჩანაცვლების მცდელობა
4 ოქტომბრის მოვლენების განხილვა იზოლირებულად არ შეიძლება: ანტისამთავრობო აქციები იმ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება გახდა, რომელიც ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ შედეგებს მხარი არ დაუჭირა, ხოლო მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცედურებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. 2025 წელს იგივე სტრატეგია გადატანილი იქნა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებზეც. საბოლოო ჯამში, 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა ერთგვარი თავისებური პოლიტიკური გაორება: ქვეყნის ერთმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ხმა მისცა, მეორე ნაწილი კი ამომრჩევლებს მოუწოდებდა, რომ მონაწილეობა არ მიეღო და ქუჩაში გამოსულიყო. ოპოზიციის ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხდეს, საბოლოო ჯამში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, მაგრამ ევროპულმა ორგანიზაციებმა საარც ევნო პროცესი სერიოზულად გააკრიტიჯკეს..
მაგრამ არის საკითხის მეორე მხარეც: თუ პოლიტიკური ძალა სახელისუფლო ორგანოების არჩევნებს უსამართლოდ თვლის, მას საკუთარი მოქმედების პრინციპული არჩევანი აქვს - მიაღწიოს არჩევნების წესებისა და შედეგების შეცვლას მომდევნო არჩევნებით ან სცადოს ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო მექანიზმით - ლეგიტიმური ან არალეგიტიმური გზით. ოთხ ოქტომბერს ოპოზიციამ მეორე გზა აირჩია... და სწორედ ამ დროს მოხდა გარდატეხვა: პრეზიდენტის რეზიდენციის ფიზიკური ძალით დაკავების მცდელობამ აჩვენა იმ სტრატეგიის მიჯნები, რომელშიც ქუჩა საარჩევნო ურნის ჩამნაცვლებელი უნდა გამხდარიყო.
ხელისუფლების რევოლუციური ცვლილებისათვის საკმარისი არ არის ათეულ ათასობით ადამიანის შეკრება ქალაქის ცენტრში, აუცილებელია ერთდროულად რამდენიმე პირობის დაცვა: მმართველ ელიტაში განხეთქილება უნდა იყოს, ხელისუფლებას დაკარგული უნდა ჰქონდეს კონტროლი სახელმწიფო აპარატზე, უნდა მოხდეს ფართო საზოგადოების მობილიზაცია და, როგორც წესი, ძალოვანი სტრუქტურების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ნეიტრალურობა ან ოპოზიციური განწყობა უნდა გამოამჟღავნოს. საქართველოში ასეთი პირობები არ შექმნილა: სახელმწიფო აპარატმა (ხელისუფლების სტრუქტურებმა) მართვის უნარი შეინარჩუნეს, ძალოვანი სტრუქტურები ოპოზიციის მხარეზე არ გადასულან, ხოლო თვითონ ოპოზიცია აქციის მომენტამდე ღრმად ფრაგმენტირებული სახით მივიდა.
ბოლო ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ქართული ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ კრიზისი ავტომატურად შექმნიდა სივრცეს ხელისუფლებაში მათ მოსასვლელად, მაგრამ პოლიტიკური პროტესტი და სახელმწიფოს მართვის უნარი ერთი და იგივე არ არის. ოპოზიციის შიდა კონსოლიდაციის არარსებობას საზღვარგარეთულმა მხარდაჭერამაც ვერ უშველა. აი, ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი.
გარედან მხარდაჭერა პოლიტიკურ ხელისუფლებას არ ნიშნავს
ქართულ პოლიტიკაში გარედან გავლენა რაიმე „ახალი ხილი" არასოდეს არ ყოფილა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქვეყანა რუსეთის, აშშ-სა და ევროპული სახელმწიფოების კონკურენციის არენა გახდა. დასავლეთი თანმიმდევრულად უჭერდა მხარს დემოკრატიულ ინსიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რეფორმებს და ევროატლანტიკურ ორიენტაციას. რუსეთი, თავის მხრივ, ინარჩუნებდა საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ ბერკეტებს. ამიტომაც არასწორი იქნებოდა საქართველოს კრიზისები ქვეყნის „შიდა ხელისუფლების" და „გარე დასავლეთის" უბრალო დაპირისპირებად წარმოვიდგინოთ.
ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად არის ორიენტირებული დასავლეთზე. სწორედ ამიტომ ევროპული მომავლის თემა თავისთავად ქვეყნის შიდა პოლიტიკის მთავარ ფაქტორად რჩება. ევროკავშირმა ქვეყანას 2023 წელს ორგანიზაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, 2024 წელს ბრიუსელმა აღნიშნა, რომ წევრად მიღების პროცესი ფაქტიურად შეჩერდა, ხოლო იმავე წლის ბოლოს უკვე თვითონ საქართველომ განაცხადა, რომ 2028 წლამდე არ შეეცდება მოლაპარაკების განახლებას ევროკავშირის წევრად მიღებისათვის.
გარედან გავლენა-ზემოქმედება საშინაო პოლიტიკაზე არსებობდა და არსებობს, მაგრამ გავლენა მართვა არ არის. და ამ განსხვავების დემონსტრირებას საქართველო განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ახდენს.
„ვარდების რევოლუციიდან" ოთხ ოქტომბრამდე
თანამედროვე საქართველოს პარადოქსი იმით გამოიხატება, რომ მისი პოლიტიკური ისტორიამ გარკვეული ცდუნება შექმნა: 2003 წელს „ვარდების რევოლუციამ" მართლად შეცვალა ხელისუფლება მასობრივი პროტესტების გზით. შესაბამისად, ქართველი პოლიტიკოსების მთელი თაობისათვის ეს გამოცდილება იმის მტკიცებულება გახდა, რომ ქუჩას პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ნამდვილად შეუძლია.
მაგრამ პოლიტიკური ისტორია მექანიკურად არ მეორდება. 2012 წელს ქვეყანაში სრულიად სხვა სცენარის დემონსტრირება მოხდა: ხელისუფლება ოპოზიციის ხელში არჩევნების გზით გადავიდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანი მომენტი იყო პოსტსაბჭოთა სივრცისათვის - სახელმწიფოს აღმოაჩნდა იმის უნარი, რომ პოლიტიკური ელიტის შეცვლა ინსიტუტების რევოლუციურად ხელში ჩაგდების გარეშე გადაეტანა.
სწორედ ამიტომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მცდელობა ისე გამოიყურებოდა, რომ ქვეყანა 20 წლის წინანდელ პოლიტიკურ მოდელს უბრუნდებოდა. მაგრამ 20 წლის განმავლობაში შეიცვალა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებაც და თვითონ პოლიტიკური კულტურაც. ქუჩის მობილიზება უკვე აღარ ნიშნავდა ხელისუფლების ავტომატურ ცლილებას.
ყველაზე მნიშვნელოვანი 4 ოქტომბრის შემდეგ
ნიშანდობლივია, რომ ერთი წლის შემდეგ საკითხი უკვე აღარ დგას ისე, როგორც ის 2025 წლის ოქტომბერში პროტესტების ორგანიზატორებმა ჩამოაყალიბეს. მთავრობის დამხობის ნაცვლად ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა მთავრობისაგან სასამართლო პროცესები მიიღეს: ბევრი ცნობილი პიჯროვნება საპყრობილეში აღმოჩნდა ხანგრძლივი სასჯელით, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი გათავისუფლდა - პროკურატურასთან გარიგების დადებით.
ბუნებრივია, ეს უკვე პოლიტიკური რევოლუცია აღარ იყო. ეს იყო პოლიტიკური კონფრონტაციის სამართლებრივი შედეგი, თუმცა შარშანდელი ოქტომბრის შეფასებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან დიამეტრალურად საწინააღმდეგოა: საქართველოს მთავრობა მომხდარს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებას უწოდებს და ოპოზიციას გარედან უკანონო მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ხოლო მთავრობის ოპონენტები სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ზეწოლად თვლიან. ქვეყნის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების აკრიტიკებენ - „პოლიტიკური კონკურენციისა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის გამო". სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შარშანდელი 4 ოქტომბრის მოვლენებს ქართული პოლიტიკური კონფლიქტი არ გადაუჭრია, მან ის მხოლოდ სხვა ფაზაში გადაიყვანა. (...)
ერთი წლის შემდეგ: სხვა საქართველო
4 ოქტომბრის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის იმედები არ გამართლდა - ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა შენარჩუნდა. კიდევ ერთი პარადოქსი: ევროკავშირს ნამდვილად აქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოსახდენად: ბრიუსელს შეუძლია პროგრამები გაყინოს, შეზღუდოს პოლიტიკური კონტაქტები, დააწესოს პერსონალური სანქციები, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას [ხელისუფლების ოპონირებაში] და ევროპული ინტეგრირების პერსპექტივა მოსახლეობის სტიმულად გამოიყენოს. პრინციპში, ბრიუსელი უკვე აქტიურად სარგებლობს თავისი ბერკეტებით.
მაგრამ ევროპულ გავლენას თავისი საზღვრები აქვს: მართალია, ბრიუსელს შეუძლია პოლიტიკური კურსის ცვლილება გარკვეულწილად უზრუნველყოს, მას სეუძლია ამა თუ იმ საზოგადოებრივ ძალას მხარი დაუჭიროს... მაგრამ მას არ შეუძლია ქვეყნის შიგნით იმ პოლიტიკური ლეგიტიმურობის სრულად შექმნა, რაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალებს არასაკმარისად აქვთ.
ეს ესება მოსკოვსაც: რუსეთს აქვს იმის უნარი, რომ საქართველოზე სერიოზული ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკური ზეწოლა განახორციელოს, მაგრამ კრემლი უუნაროა „დანიშნოს" საქართველოს მთავრობა ისე, რომ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეაქცია არ გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ქართული პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში გარე ცენტრების კონკურენციის არენად რჩება, მაგრამ რომელიმე ძალის მიერ ქვეყნის სრული მართვა შეუძლებელია.
გაკვეთილი, რომელიც საქართველოს საზღვრებს სცილდება
ამ თვალსაზრისით 2025 წლის 4 ოქტომბერი საინტერესოა არამარტო როგორც ქართული პოლიტიკური კრიზისი, არამედ ის გვაჩვენებს თანამედროვე გეოპოლიტიკური ზეწოლის საერთო ზღვარსაც.
გარე მოთამაშეს შეუძლია პოლიტიკურ მოძრაობას რაღაც რესურსი მისცეს. მიანიჭოს საერთაშორისო ლეგიმიტაცია, გაუწიოს დიპლომატიური მხარდაჭერა, მისცეს საინფორმაციო პლატფორმა და ფინანსებით უზრუნველყოს, მაგრამ გარეშე ძალას არ შეუძლია პოლიტიკური მოძრაობა ავტომატურად გადააქციოს ეროვნულ უმრავლესობად.
შეიძლება ოპოზიციის პროტესტის მხარდაჭერა, მათთვის ქმედითი დახმარების გაწევა, მთავრობის მკაცრი კრიტიკა, საერთაშორისო დაფინანსების ბლოკირება, სანქციების დაწესება, მაგრამ შეუძლებელია გარედან იმ პოლიტიკური რეალობის შექმნა, რომელშიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვითონ გადაწყვეტს, აქვს თუ არა უფლება არსებულ ხელისუფლებას ქვეყანა მართოს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება საბოლოოდ მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით ხდება. სწორედ ამიტომ ბოლო ათწლეულების ქართული ისტორია უფრო რთულ სურათს წარმოადგენს, ვიდრე უბრალო ფორმულა, როგორიც დღესაა გავრცელებული - მაგალითად, ამ ტიპისა - „მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ" ან „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ".
ქართულ ისტორიაში მუდმივად კვეთს ერთმანეთს სამი დონე - გარედან ზეწოლა, შიდა პოლიტიკური კონფლიქტი და სახელმწიფოს უნარი თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. აი, აქ ინადება მთავარი კითხვა: სად მთავრდება საერთაშორისო მხარდაჭერა დემოკრატიული პროცესების მიმართ და სად იწყება პოლიტიკური მართვის მცდელობა?
ბრიუსელისთვის ეს პრინციპული საკითხია. თუ სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღიქმება როგორც მცდელობად სასურველი პოლიტიკური კონფიგურაციის შექმნისათვის, მაშინ ასეთი მხარდაჭერა - როგორც დემოკრატიზაციის ნეიტრალური ინსტრუმენტი - აღარ მუშაობს.
კონკრეტულად საქართველოსათვის საკითხი კიდევ უფრო რთულად დგას. რადგან ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საზოგადოებრივი იდენტურობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება, ევროკავშირთან ურთიერთობის ნებისმიერი გაუარესება ავტომატურად იქცევა შიდა პოლიტიკურ ფაქტორად. თავის მხრივ, მთავრობა ასეთ საგარეო ზეწოლას საკუტარი მომხრეების მობილიზებისათვის იყენებს. ოპოზიცია, პირიქით, იმედი აქვს, რომ საგარეო მხარდაჭერა გაიზრდება და ხელისუფლებაზე ზეწოლის დამატებითი რესურსი ექნება.
საბოლოოდ იქმნება ჩაკეტილი წრე: რაც უფრო ძლიერდება გარედან ზეწოლა, მით უფრო ადვილი ხდება ხელისუფლებისათვის შიდა კონფლიქტის წარმოჩენა როგორც ბრძოლა ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისათვის. რაც უფრო მეტად ზღუდავს ხელისუფლება შიდა პოლიტიკურ კონკურენციას, მით უფრო მეტი საფუძველი აქვთ გარე ძალებს (პარტნიორებს) ზეწოლის გასაძლიერებლად და რაც უფრო მეტი იმედი აქვს ოპოზიციას საგარეო მხარდაჭერისა, მით უფრო ფართოდ ადანაშაულებს ხელისუფლება ოპოზიციას, რომ ის გარე ცენტრებზეა დამოკიდებული.
გარე მხარდაჭერას და მფარველობას შეუძლია პოლიტიკური ძალის გაძლიერება, მაგრამ მის საკუთარ ლეგიტიმურობას ვერ შეცვლის. ლეგიტიმურობის გარეშე კი ვერცერთი „რევოლუციური" სცენარი - როგორი ძლიერიც არ უნდა გვეჩვენებოდეს განსაზღვრულ მომენტში - ხელისუფლების ცვლილების გარანტიას ვერ იძლევა. ასე იქმნება პოლიტიკური სისტემა, რომელშიც საგარეო გავლენას პარადოქსული სახით შეუძლია სწორედ იმ ძალების გაძლიერება, რომელთა წინააღმდეგ ის არის მიმართული.