ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"რატომ ურტყამს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მოწყვლად ადგილზე"- Financial Times 14.10.2026 23:06

„რატომ ურტყამს დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ყველაზე მოწყვლად ადგილზე“ - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 13 ოქტომბრის ნომერში სტატიას ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი და პუბლიცისტი ედვარდ ლიუსი, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების ურთიერთობის ბოლოდროინდელი გამწვავების მიზეზები. აქვე ვიტყვით, რომ დღეისათვის ეს პუბლიკაცია გაზეთის ყველაზე კითხვად მასალას წარმოადგენს.


გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:


„გულწრფელად ვამბობ: მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ პუტინს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გასულ პარასკევს, 9 ოქტომბერს. არადა, ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო. საქმე შემდეგშია: დონალდ ტრამპი დათანხმდა გადაუხადოს ვლადიმერ პუტინს მილიარდობით დოლარი რუსული წარმოების დიზელის საწვავის მიწოდებისათვის, რაც აშშ-ში მომატებული ფასების დაკლებაზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ამგვარი ასიმეტრია ნიშნავს „არაფრის მიღებას რაღაცის ფასად“. „არაფერი“ ტრამპისთვის ისაა, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე დიზელის საწვავის ფასი საგრძნობლად არ შემცირდება, ხოლო პუტინისათვის „რაღაც“ არის ამერიკული სანქციების დარღვევა და დამატებითი ფული უკრაინის დასაბომბად.


ფსიქოლოგიის სფეროს სპეციალისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში დილეტანტისთვისაც კი ნათელია, რომ დონალდ ტრამპი ბრალს სდებს ვოლოდიმირ ზელენსკის იმ პრობლემაში, რომელიც თვითონ აშშ-ის მეთაურმა შექმნა. დიზელის საწვავზე ფასების ზრდის მთავარი მიზეზია ტრამპისეული ოპერაციის „ეპიკური მრისხანების“ ნეგატიური გავლენა: ირანმა და მისმა მოკავშირეებმა მწყობრიდან გამოიყვანეს სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა, რის გამოც მკვეთრად შემცირდა დიზელის საწვავის მიწოდება მსოფლიოში. რასაკვირველია, ამ სიტუაციას თავის მხრივ უკრაინამაც ხელი შეუწყო, რომელიც პერმანენტულად აზიანებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ამრიგად, ვოლოდიმირ ზელენსკი გამზადებულ ე.წ.„განტევების ვაცს“ წარმოადგენს იმ პრობლემისათვის, რომელიც ბევრად არის გამოწვეული აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებით.


უკრაინისათვის სიტუაცია შეიძლება უფრო უარესი გახდეს: იმ დღეს, როცა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „დიზელის გარიგების“ დადება გამოაცხადა, პრეზიდენტის სიძემ ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა - პრეზიდენტის მეგობარმა და მილიარდერმა დიპლომატმა - მოლაპარაკება გამართეს უკრაინელებთან ფლორიდაზე, რომლის დროსაც მათ დაემუქრნენ, რომ შეუწყვეტდნენ იარაღის და კოსმოსური სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას, თუ კიევი კვლავ გააგრძელებდა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ ამერიკელების გაფრთხილებას ყურად არ იღებს, ალბათ, აღარ ექნება აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის გაძლიერებული შეტევების წინააღმდეგ.


დონალდ ტრამპის მიერ „დიზელის გარიგების“ დადებამდე ერთი კვირით ადრე რუსულმა რაკეტებმა უკრაინაში 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლეს, მათ შორის 20-მდე ბავშვი. ტრამპის ადგილზე რომ აშშ-ის სხვა პრეზიდენტი ყოფილიყო, ის რუსეთზე ზეწოლას მოახდენდა, რათა პუტინმა უდანაშაულო ადამიანების ხოცვა შეწყვიტოს. ამის ნაცვლად ტრამპი კრემლს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს უკრაინელების დასაღუპავად. თეთრი სახლი ასევე მწვანე შუქს უნთებს რუსეთს ირანის დასახმარებლადაც, რომელსაც მოსკოვი კოსმოსურ მონაცემებს აწვდის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბაზების დასაბომბად რეგიონში. მოკლედ შექმნილია აბსურდული სიტუაცია: დონალდ ტრამპი ხელს უწყობს ირანის შეტევებს აშშ-ზე!


ყოველთვის, როცა დონალდ ტრამპს კითხვას უსვამენ ირანისადმი რუსეთის დახმარების გაწევაზე, იგი ან ამცირებს ამ საკითხის მნიშვნელობას, ან საერთოდ იგნორირებს. ერთხელ მან თქვა, რომ „პუტინმა მითხრა, რომ ირანს დახმარებას არ გავუწევო“, მაგრამ სიტყვა ერთია და საქმე მეორე: კრემლი ირანს ნამდვილად ეხმარება. ერთი მხრივ, ეს იმას რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია თეირანზე ზეწოლა მოახდინოს აშშ-სთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით, მეორე მხრივ კი ეს არის მუდმივი შეხსენება ტრამპისათვის, რომ მას ირანთან მოლაპარაკების უნარი არ აქვს. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად აქტიურად მოუწოდებენ ამერიკას მისი მოკავშირეები უკრაინისათვის დასახმარებლად, მას მაინც არ შეუძლია აპატიოს ვოლოდიმირ ზელენსკის ის [ჯიუტობა], რასაც იგი ასახიერებს: დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე დადო პირობა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეწყვეტდა (რაც უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს). ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, კაპიტულაციაზე უარს აცხადებდა - ისევე როგორც ახლა. ამრიგად, საბოლოო ჯამში ჩვენ საქმე გვაქვს დონალდ ტრამპის ბაქიაობისა და მუქარების ნარევთან.


რაც შეეხება ბაქიაობა-ტრაბახს: როგორც ცნობილია, აშშ-ის ლიდერმა გასულ კვირას დიდი რიხით განაცხადა, რომ „რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევების შეჩერებაზე ერთმანეთთან შევათანხმეო“ (ანუ მოსკოვი შეწყვეტდა უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვას, უკრაინა კი, თავის მხრივ, შეტევებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე) და რომ ეს შეთანხმება თითქოსდა „დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში“. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპის ნათქვამის პასუხად აღნიშნა, რომ „პირველად ესმის შეტევების შეჩერებაზე გარიგების დადება“. ორშაბათს კი განაცხადა, რომ რუსეთი ძველებურად ბომბავს უკრაინის გაზის მოპოვების ობიექტებს და რომ კიევი მზად არის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაიცვას, თუ მოსკოვიც ასევე მოიქცევა. სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების უმრავლესობა უკვე მწყობრიდან გამოიყვანა. ამჟამად ზელენსკისათვის უპირველესი ამოცანაა რუსეთს შემოსავლების მიღების შესაძლებლობები წაართვას.


რაც შეეხება მუქარებს: შაბათს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჭირდებაო. რა თქმა უნდა, მას შეეძლო უფრო შორს წასულიყო და ეთქვა, რომ ამერიკული სადაზვერვო მონაცემების მიცემა უკრაინისათვის დამოკიდებული იქნებოდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანას არ შეუძლია ისეთი არჩევნების ჩატარება ომის პირობებში, როგორიც მშვიდობიანობის დროს ჩატარდებოდა - როცა სხვა სახელმწიფო ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციას ახორციელებს და სხვა რეგიონებს კი რაკეტებით და დრონებით გამუდმებულად უტევს. ზელენსკი რომ ტრამპის მოთხოვნას დაეთანხმოს, ეს იქნებოდა ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი მისი მხრიდან. შესაბამისად, სიტუაციის ასეთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა უკიდურესად დაბალია.


ბედის ირონიით, დონალდ ტრამპის რისხვა ხელს უწყობს ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგის ზრდას უკრაინელებს შორის. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უკმაყოფილების საფუძველი, რომ პრეზიდენტი გააკრიტიკონ მის გარემოცვაში არსებული კორუფციის გამო, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, „ტრამპის ეფექტი“ აშკარაა [რაც უფრო მეტს აკრიტიკებს ტრამპი ზელენსკის, უკრაინელები მით უფრო მეტად უჭერენ მხარს თავიანთ ლიდერს]. ასე მოხდა ტრამპის კრიტიკის შემდეგ კანადაში, ავსტრალიაში, დანიაში და სავარაუდოდ, ვატიკანშიც [როცა ტრამპმა ამჟამინდელ პაპს ლეო XIV-ს, წარმოშობით ამერიკელს, ირანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება დაუწუნა]. როგორც წესი, ხალხები თავიანთი ლიდერების ირგვლივ უფრო მჭიდროვდებიან ხოლმე, როცა მათ ვინმე საზღვარგარეთიდან აკრიტიკებს ხოლმე. ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია, პუტინი კი მეგობრად. ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისი პორტრეტი ჰკიდია მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული თეთრ სახლის კედელზე [დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო ალასკაზე თეთრი სახლის დასავლეთ ფრთასა და საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარე დერეფანში გამოფინა].


დონალდ ტრამპისთვის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ იგი რომ სერიოზულად ეკიდებოდეს აშშ-ში საწვავის ფასების დაკლებას, მას ზომები რამდენიმე თვის წინ უნდა მიეღო. ახლა რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ შექმნილ ნეგატიურ სიტუაციას ვერაფერი ვერ გააუმჯობესებს, თუნდაც პრეზიდენტმა რუსეთიდან მილიონობით დიზელის საწვავის ექსპორტი განახორციელოს. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის კი თავის ტკივილი ახლა იმაში გამოიხატება, რომ არ არის გამორიცხული, ვაითუ დონალდ ტრამპმა იგი დემოკრატების გამარჯვებაში დაადანაშაულოს. ტრამპის „რკინის კანონის“ თანახმად ხომ არასოდეს არაფერი მისი ბრალი არ არის.


წყარო:

ასევე დაგაინტერესებთ