სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"დონალდ ტრამპის განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ისეთივე სამარცხვინოა, როგორც აბსურდი"-The Daily Telegraph 13.10.2026 01:51

"დონალდ ტრამპის განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით ისეთივე სამარცხვინოა, როგორც აბსურდი", - წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) თავის სარედაქციო სტატიაში, სათაურით „ტრამპის კრიტიკული შეტევა ზელენსკიზე სწორედ ის არის, რაც პუტინს სურს“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ტექსტს:


შაბათს თეთრ სახლში გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი უკრაინელი კოლეგა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს „ჭირდებათ ახალი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გარიგება განახორციელოს. ზელენსკის შეეძლო ბევრი გარიგება დაედო, მაგრამ რატომღაც ის ამას არასდროს არ აკეთებს“.

 

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის რისხვა არის პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამზე - უკრაინის ლიდერმა გაბედა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა - რუსული წარმოების მილიონობით ტონა დიზელის საწვავის აშშ-ში იმპორტის თაობაზე.

 

აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს, საწვავის იმპორტთან დაკავშირებული გარიგებით, სურს გარკვეული მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი მიიღოს (რესპუბლიკური პარტიისათვის) კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, რომელიც სამ ნოემბერს უნდა გაიმართოს: მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი [ისრაელთან ერთად] ირანთან ომში ჩაება, აშშ-ის ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინზე და დიზელის საწვავზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა. ცუდი უკრაინისათვის ისაა, რომ შეთანხმება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პუტინისადმი ტრამპის საჩუქრად“ შეაფასა, რუსეთის სამხედრო მანქანისათვის მართლაც კარგი „საკვებია“: დასავლეთი, რომელიც რუსული საფრთხის წინააღმდეგ გამოდის და კრემლს რეგულარულად უცხადებს სანქციებს, ამ ფონზე სასაცილოდ გამოიყურება.

 

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის „ომის შეწყვეტა არაერთხელ შეეძლო“, მაგრამ მის განცხადებას რეალობასთან მცირე კავშირი აქვს.

 

გასული წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა უკრაინას წარუდგინა 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსულ მხარესთან ერთად იყო შემუშავებული. გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებდა, რომ უკრაინა შეზღუდავდა საკუთარი არმიის პირად შემადგენლობას და ტერიტორიებს დათმობდა.

 

ასეთ გარიგებაზე ან ნებისმიერ მსგავს დოკუმენტზე დათანხმება ნიშნავდა ვლადიმერ პუტინისთვის იმ მიზნების მიღწევის საშუალების მიცემას, რომელთა გამოც მან 2022 წელს უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ სასტიკი, ფართომასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.

 

დონალდ ტრამპის განცხადებები მოსკოვისთვის სასიამოვნო მუსიკასავით მოსასმენი იქნება. კრემლის მიზანს დიდი ხანია წარმოადგენს ის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც ომის პერიოდის გამორჩეული ლიდერი - უკრაინის ხელისუფლებას ჩამოაშოროს, ახლა კი დასავლეთის უძლიერესი სახელმწიფო მოსკოვის პოზიციას იმეორებს.

 

პუტინი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს. თუ რაიმე მტკიცებულება იყო საჭირო, რომ ასეთი დათმობები განიხილება, როგორც მწვანე შუქი ომის გასაგრძელებლად, ეს მოხდა რუსეთის დარტყმების სახით ქალაქ ზაპორიჟიაზე - ნავთობის გარიგებიდან რამდენიმე საათში, დაიღუპა სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და დაიჭრა თექვსმეტი.

 

სავარაუდოდ, დონალდ ტრამპის განცხადებას მოსკოვში გამარჯვებად აღიქვამენ.

 

რის მიღწევას ცდილობს შეერთებული შტატები? რას ნიშნავს თეთრი სახლის მოქმედება? ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ ვაშინგტონმა კრემლს ფართომასშტაბიანი სანქციები დაუწესა, რომლებიც მისი ენერგომატარებლების ექსპორტით მიღებული შემოსავლების შეზღუდვის მიზნით იყო შექმნილი. ახლა კი აშშ დათანხმდა რუსული საწვავის შეძენას, რითაც მხარს უჭერს თავის (აშშ-ის) ირანთან ომით დასუსტებულ ეკონომიკას და იმავდროულად მოითხოვს უკრაინის პოპულარული პრეზიდენტის გადადგომას.

 

გასულ წელს თეთრ სახლში მეორედ შესვლისას დონალდ ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ თანამდებობის დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომს დაასრულებდა. ამის ნაცვლად, თითქმის ორი წლის შემდეგ, მისი ნაბიჯები ამ ომს კიდევ უფრო აღვივებს.

წყარო:

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ