"გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"-The Daily telegraph 31.08.2026 18:28

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "გუგლი" დონალდ ტრამპის ბრძანებას ასრულებს - "ონტარიოს ტბა" ამიერიდან "ამერიკის ტბაა"(ავტორი - აიონა კლივი). მასში განხილულია აშშ-კანადის დაპირისპირება - თუ როგორ გადაიზარდა სავაჭრო ომი „გეოგრაფიულ ომში“ - ონტარიოს ტბის სახელწოდებასთან დაკავშირებით.



გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:



ტექნოლოგიური გიგანტის - კომპიუტერული საძიებო სისტემის „გუგლის“ (Google) რუკების სამსახურის (Google Maps) განცხადებით, დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრძანებულების შესრულება - „ონტარიოს ტბის სახელის გადარქმევის შესახებ“. როგორც ცნობილია, ამერიკის მეთაურმა ხუთი დიდი ტბიდან ერთ-ერთს - ყველაზე პატარას - რომელიც აშშ-სა და კანადის საზღვრებზე მდებარეობს, „ამერიკის ტბა“ უწოდა.

 


როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება განპირობებულია აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობის გაუარესებით - მას შემდეგ, რაც ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო მოლაპარაკებები სატარიფო ომში გადაიზარდა - პრინციპით „თვალი თვალის წილ“.

 


„კანადელი ოფიციალური პირები ჩვენ ცუდად მოგვექცნენ. ისინი საზიზღარი ადამიანები არიან“, - განაცხადა მისტერ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შეკრებილი ჟურნალისტების წინაშე, - „ისინი თვლიან, რომ მათ აშშ-ის მიმართ ყველაფრის უფლება აქვთ... მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.

 


დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ კანადაში, რომელიც რამდენიმე თვეა თეთრი სახლისა და უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან აგრესიული მოქმედებისა და დამამცირებელი განცხადებების ობიექტი ხდება (ვაჭრობაში შექმნილი პრობლემების გამო), რისხვაც გამოიწვია და დამცინავი კომენტარებიც. კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დაუყოვნებლივ უარყო ტბის სახელის გადარქმევა და განაცხადა, რომ სახელწოდება, რომელსაც ტბა უკვე 400 წელია ატარებს, „იყო, არის და იქნება ყოველთვის“.

 


როგორც „გუგლი“ აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებულების აღსრულება იმით არის განპირობებული, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ცვლილება შეაქვს „აშშ-ის გეოგრაფიული დასახელებების საინფორმაციო სისტემაში“ (GNIS): „იმდენად, რამდენადაც ჩვენი მონაცემების განახლება სახელმწიფო წყაროების მიხედვით ხდება (ამ შემთხვევაში GNIS-ის მიხედვით), Google Maps-ის სერვისის მომხმარებლები აშშ-ში დაინახავენ „ამერიკის ტბას“, კანადაში - „ონტარიოს ტბას“, ხოლო სხვა ქვეყნების მომხმარებლები - ორივე სახელწოდებას - „ონტარიოს (ამერიკის) ტბას“, - ნათქვამია საძიებო კორპორაციის კომენტარებში.

 


„გუგლის“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ეს ცვლილებები შეესაბამება ჩვენს დიდი ხნის პოლიტიკას წყალსატევების მიმართ, რომელთა დასახელება სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია“.

 


გასულ წელს Google Maps-მა ანალოგიური ცვლილება შეიტანა „მექსიკის ყურის“ დასახელებაში მას „ამერიკის ყურე“ უწოდა - მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე თავისი ყოფნის პირველივე დღეს გამოსცა ბრძანებულება ამ მსხვილი წყალსატევის სახელის გადარქმევის თაობაზე.

 


რაც შეეხება ონტარიოს ტბის სახელის გადარქმევას, დონალდ ტრამპის ამ პროვოკაციული ნაბიჯის საპასუხოდ, კანადამ ტბის ნაპირზე დაახლოებით 6-მეტრიანი ბილბორდი დაამონტაჟა წარწერით: „ონტარიოს ტბა. აწ და მარადის“.

 


პოზირებდა რა სარეკლამო ბილბორდის წინ, კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა დუგ ფორდმა შაბათს ასე განაცხადა: „პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამ ტბას რაც სურს, ის დაარქვას, მაგრამ მე ვამბობ, რომ დანარჩენი მსოფლიოსათვის ტბა მაინც ძველებურად ონტარიოდ დარჩება“. პრემიერმა დაამატა: „ეს არის ჩვენი სიგნალი დონალდ ტრამპისათვის. ჩვენ, კანადელები, ძლიერები და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები ვართ, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ხაზს ვუსვამ - ყოველთვის. და არასოდეს [მეზობელ] მოძალადე ხულიგნებს არ შევუშინდებით, უკან არ დავიხევთ“.

 


22 აგვისტოს აშშ-მა კანადის წინააღმდეგ 50%-იანი სავაჭრო ბაჟი შემოიღო კანადურ პროდუქციაზე, რომელიც 20 მილიარდი დოლარის ოდენობით განისაზღვრება - მას შემდეგ, რაც ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკება ჩაიშალა. თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადას ვერავინ ვერ შეაშინებს და აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს განახორციელებს - კანადური ტარიფები „დოლარი დოლარზე“ ძალაში შევა 8 სექტემბრიდან.


ონტარიოს ტბას სასაზღვრო სტატუსი აქვს - მას ჩრდილოეთიდან კანადის პროვინცია ონტარიო აკრავს, ხოლო სამხრეთიდან - აშშ-ის ნიუ-იორკის შტატი. მისი დასახელება (1656 წლიდან) ადგილობრივ ინდიელი ხალხის იროკეზების ვენდატის ტომის ენიდან ითარგმნება როგორც „ლამაზი ტბა“.

 


ნიუ-იორკის შტატის დემოკრატი გუბერნატორის ქეით ჰოჩულის თქმით, „ონტარიოს ტბა ჩვენთვის ისევ ონტარიოდ დარჩება“. მეზობელი ვერმონტის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი ფილ სკოტი თავის დემოკრატ კოლეგას, პრინციპში, დაეთანხმა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „მეწვრილმანური და იმედგამაცრუებელი“ უწოდა.

 

 


თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ნეგატიურ რეაქციას ყურადღებას არ აქცევს - მან შაბათს, 20 აგვისტოს, გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეორგოლი, რომელზეც კბილებამდე შეიარაღებული იხვების - „დონალდების“ - არმია, პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი ვარცხნილობით, „ამერიკის ტბის“ ნაპირებს დარაჯობს. ამ ვიდეორგოლს მოჰყვა კიდევ ერთი: ამჯერად დონალდ ტრამპი ცვლის ბილბორდს წარწერით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ონტარიოს ტბაზე“ და დგამს ახალს - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკის ტბაზე“.



წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ