"ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია"-BBC 31.08.2026 18:09

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ვლადიმერ პუტინი თავს არიდებს ნატოსთან პირდაპირ კონფრონტაციას: მის რიტორიკაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგაა მიმართული, რაიმე ახალი არაფერია" (ავტორი - ჯონათან ბილი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის ლიდერის დასავლეთისადმი დამოკიდებულება, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის ფონზე.

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:


დასავლელი ჩინოვნიკების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო მეტი მტრული რიტორიკით მიმართავს დიდ ბრიტანეთსა და უკრაინის სხვა მოკავშირეებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლს ნატოსთან პირდაპირი კონფრონტაცია სურს. პირიქით, ვლადიმერ პუტინს სულაც არ უნდა „ცხელი დაპირისპირება“ ჰქონდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

 

დასავლური მასმედიის ზოგიერთ ბოლოდროინდელ პუბლიკაციაში გატარებული იყო ისეთი აზრი, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში გამიზნული იყო იმისთვის, რომ კრემლი გაეფრთხილებინა - ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმა რუსეთისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნებაო. მაგრამ როგორც დასავლელი მაღალჩინოსანი ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, მათ არ სჯერათ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირ სამხედრო შეტაკებას ესწრაფვის. მათი თქმით, კრემლის ბოლო განცხადებებში, რომ რუსეთის არმიის სამომავლო სამიზნე შეიძლება დიდი ბრიტანეთის ჯარები გახდეს ან დარტყმები სამხედრო ქარხნებზე განხორციელდესო, „არაფერი ახალი არ არის“: ისინი სავსებით შეესაბამებიან რუსულ სამხედრო დოქტრინას, რომელიც დასავლეთზე ზეწოლას გულისხმობს.

 

ანონიმი მაღალჩინოსნების აზრით, ვლადიმერ პუტინის მტრული რიტორიკა განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტზე გავლენას ახდენს მისი გარემოცვა კრემლში - იმის გამო, რომ ომი სულ უფრო ძვირი ხდება, არმია წინ ნელა მიდის, ამ დროს კი უკრაინის შორსმოქმედი დრონები სულ უფრო მეტ მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ რუსეთის ღრმა ზურგში განლაგებულ ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებს.

 

ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, რუსეთი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს თავის „ჰიბრიდულ აქტიურობას“ და არ გადავა უკრაინისა და ალიანსის ქვეყნების წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო მოქმედებებზე, ისარგებლებს ისეთი მეთოდებით, როგორებიცაა კიბერთავდასხმები, დივერსიები და ტერაქტებიც (მკვლელობებიც) კი. ეს ყველაფერი მიმართული იქნება დასავლეთის მტკიცე ნების შესასუსტებლად, რომელიც უკრაინისადმი დახმარებაში გამოიხატება.

 

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ამ მხრივ ნატოელი მოკავშირეები მშვიდად უნდა იყონ - კრემლი მათთან ომს არ დაიწყებს, მაგრამ სიმშვიდე თავდაჯერებულებად არ უნდა გადაიქცეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე მიანიშნა მოსკოვს, რომ კრემლის მუქარების მიუხედავად, ლონდონი მაინც გააგრძელებს კიევისადმი მხარდაჭერას.

 

მაღალჩინოსნების თქმით, მიმდინარე წელს „ომის ესკალაცია“ უკვე მოხდა: რუსეთიც და უკრაინაც ბევრად უფრო მეტ დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს. „ვლადიმერ პუტინს, რუსულ საზოგადოებაში გაჩენილი გარკვეული უკმაყოფილების ნიშნების მიუხედავად, თავისი მიზნები და განზრახვები არ შეუცვლია. ბენზინის დეფიციტი, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს უკრაინასთან ომის მხარდაჭერაზე, მაგრამ მზარდი პოლიტიკური ზეწოლა ისეთი დონის არ არის, რომ ხელისუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

 

მართალია, რუსეთის არმია დონბასში მეტ-ნაკლებად წინ მიდის, მაგრამ წინსვლა ნელა ხორციელდება და ცოცხალი ძალის დიდ მსხვერპლთან არის დაკავშირებული. როგორც დასავლელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, დანაკარგები უკვე ბევრად აღემატება რუსეთის არმიის ახალწვეულებით შევსების ტემპებს. იმის ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი ახალ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, მაღალჩინოსნები ჯერ-ჯერობით ვერ ხედავენ.

 

ამასთან, დასავლელმა ჩინოვნიკებმა აღიარეს, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. კიევი დასავლეთს სულ უფრო მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიცემას თხოვს, მაგრამ ისეთი საკვანძო იარაღი, როგორიცაა რაკეტა-დამჭერები (P-2 და P-3) ამერიკული წარმოების საზენიტო კომპლექს „პეტრიოტებისათვის“, თვითონ ამერიკას (ირანთან ომის გამო) და ნატოს წევრებს არ ჰყოფნით, ანუ მწვავე დეფიციტს წარმოადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინას წინ მძიმე ზამთარი ელოდება.

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ