26.08.2026 23:29

ჩეხურ გაზეთ „ლიდოვე ნოვინში“ (Lidové Noviny) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რაკეტების დეფიციტი როგორც "აქილევსის ქუსლი" აშშ-ის, ევროპისა და უკრაინისათვის" (ავტორი - მილოშ ბალაბანი). პუბლიკაციაში განხილულია შექმნილი სიტუაცია „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისათვის საჭირო P-2 და P-3 რაკეტებთან დაკავშირებით - მათი რაოდენობა იწურება როგორც აშშ-ში, ასევე უკრაინაშიც. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რაკეტები სწრაფად იხარჯება, მათ დამზადებას კი წლები ჭირდება.

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 

ირანის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა, რომელიც უკვე ნახევარი წელია გრძელდება, ძალიან დააზარალა აშშ - მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და მისი სამხედრო შესაძლებლობები შეზღუდა. ამას წინათ ვაშინგტონში არსებულმა საერთაშორისო-სტრატეგიული კვლევების ცენტრმა (CSIS) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, აშშ-ის არმიამ „პეტრიოტის“ რაკეტების მარაგების თითქმის ნახევარი დახარჯა ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად.

 

რეზერვის შემცირების გეოპოლიტიკური შედეგები ძალიან საგრძნობია. ამერიკელებმა მთლიანად შეწყვიტეს „პეტრიოტის“ რაკეტების (P-2 და P-3) მიწოდება უკრაინისათვის, რომელიც დაუცველი დარჩა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გაძლიერებული შეტევების წინაშე, რასაც, თავის მხრივ, სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ომის მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით იმ დროს, თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება - რუსული „ისკანდერებისათვის“ უკრაინის ენერგოობიექტები იოლი გასანადგურებელი გახდება. მართალია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 აგვისტოს კიევში ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული რაკეტების გარკვეული რაოდენობა უკვე შეგროვებულია ევროპის ქვეყნებში, მაგრამ საკმარისი მაინც არ არის.

 

აშშ-ის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ახლა თავს იმტვრევენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე: რამდენი დრო დაჭირდება აშშ-ის სარაკეტო არსენალების აღდგენას და რამდენად  მოახდენს ამჟამინდელი დეფიციტი თავის ნეგატიურ გავლენას აშშ-სადმი ნდობაზე, როგორც საიმედო პარტნიორზე, გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

CSIS-ის კვლევის თანახმად, „პეტრიოტის“ რაკეტების არსენალის ომამდელი დონის მიღწევა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მხოლოდ 2029 წლისთვის მოხდება.  თანაც მხოლოდ იმ პირობებში, თუ კონგრესი მოიწონებს და დაეთანხმება დონალდ ტრამპის კოლოსალურ სამხედრო ბიუჯეტს ტრილიონნახევარი დოლარის ოდენობით (ამჟამინდელთან შედარებით ხარჯები ზრდა 50%-ს შეადგენს), რაც ნაკლებად სავარაუდოა.

 

ცნობისათვის: „პეტრიოტის“ ერთი რაკეტის - P-3 მოდელის - დასამზადებლად, კომპანია „ლოქჰიდ მარტინის“ სტანდარტებით, საშუალოდ საჭიროა 24 თვიანი ტექნოლოგიური ციკლი (შეკვეთა-აწყობა-მიღება). ასეთი ხანგრძლივი დრო განპირობებულია იმით, რომ რაკეტა ურთულესია და მრავალი ელექტრონული კომპონენტისგან შედგება. ერთი რაკეტის აწყობაში თითქმის 400 კომპანიაა ჩართული. დღეისათვის რაკეტების დამზადება-აწყობა „ლოქჰიდ მარტინის“ რამდენიმე ქარხანაში ხდება (მათ შორის, იაპონიაშიც). საერთო ჯამში, წელიწადში 600-მდე რაკეტა იწყობა.

 

„ლოქჰიდ მარტინმა“ ამას წინათ განაცხადა, რომ ვერცერთ საზღვარგარეთელ შემკვეთს ვერ მისცემს გარანტიას რაკეტების დროულად მიწოდებაზე, რადგან პენტაგონს ყოველ მომენტში შეუძლია კორექტივების შეტანა - აშშ-ის საჭიროების კვალობაზე. მაგალითად, შვეიცარია უკვე შეურიგდა ბედს, რომ შარშან შეკვეთილი რაკეტების მიღებას 7 წელი უნდა ელოდოს. ტაივანი შიშობს, რომ წელსაც ვერ მიიღებს 102 რაკეტას, რომელიც 6 წლის წინ შეუკვეთა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, ანუ სანამ ირანის წინააღმდეგ აშშ ომს დაიწყებდა, ვაშინგტონის კონსერვატიულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Heritage Foundation-მა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კომპიუტერში აშშ-ის ომის მოდელირება განახორციელა ჩინეთის წინააღმდეგ. შედეგი? ცენტრმა პენტაგონს აცნობა, რომ აშშ უკვე რამდენიმე დღეში დადგება „პეტრიოტის“ რაკეტების დეფიციტის წინაშე.

 

ასე რომ, პენტაგონს მოუწევს დაფიქრება - როცა რაკეტები ირანთან ანუ საშუალო მოწინააღმდეგესთან ომში გამოელია, როგორი სიტუაციაში ჩავარდება ჩინეთთან სავარაუდო ომის დროს.

 

 

წყარო:

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ