21.08.2026 18:56
ამერიკულმა გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) 19 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ძალაუფლების ფიზიკა ახლებურად: რა ზიანი მიაყენა ირანმა ამერიკას“, რომლის ავტორია თომას ფრიდმანი, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, პულიცერის პრემიის ლაურეატი.
„ომის ფიზიკა შეიცვალა: წარსულისაგან განსხვავებით, ახლა უპირატესობა პატარა მოთამაშეების მხარეზეა. ირანს, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით, ამერიკას ბევრად ჩამოუვარდება, აქვს უნარი მასშტაბურად იმოქმედოს, ზუსტად და იაფად დაარტყას და თავის მეტოქეს დიდი ზიანი მიაყენოს როგორც ბრძოლებში, ასევე ეკონომიკაშიც“, - აღნიშნავს ავტორი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„თუ დონალდ ტრამპზე წიგნის დაწერას გადავწყვეტ ირანთან ომის შესახებ, მას სახელად იმ პოსტს დავარქმევ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა 2026 წლის 5 აპრილს დაწერა: „უგუნურო ნაბიჭვრებო, გახსენით ჰორმუზის სრუტე, თორემ ყველას ჯოჯოხეთში გაგზავნით... მოიცათ, გაჩვენებთ სეირს!“.
ომი ისეთი მოვლენაა, რომელიც ძალიან ხშირად აშიშვლებს გარემომცველი სამყაროს ფიზიკაში (მის ბუნებაში) მომხდარ ცვლილებებს: ვინ ფლობს ხელისუფლებას, ვის არ აქვს ხელისუფლება და თუ აქვს, როგორ იყენებს. ძალთა ეს ახალი განტოლება, რომელიც ომმა შექმნა, ყველაზე კარგად გადმოცემულია დონალდ ტრამპის უცენზურო ტირადაში ირანის ხელმძღვანელების მიმართ, რომლებმაც თავი არ დახარეს მისი ბომბების წინაშე.
ომის ახალი ფიზიკა ერთნაირად ეხება როგორც რუსეთ-უკრაინის ომს, ასევე ისრაელ-„ჰეზბოლას“ და ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტებს, ჰუსიტებს და სხვა ყველა დანარჩენს. ჩემი ფორმულა ამ ახალი რეალობისადმი ასეთია: პატარა მოთამაშეებს დღეს მასშტაბური მოქმედება შეუძლიათ - ზუსტად და იაფად. დიდებსაც შეუძლიათ ზუსტი და წერტილოვანი მოქმედება, მაგრამ მათი დანახარჯები შეუადარებლად დიდია ძველი სამხედრო სისტემების დიდი ტვირთის გამო. მოცემულ მომენტში სუფთა უპირატესობა პატარების მხარეზეა. ეს დიდებისათვის შემაშფოთებელია, რადგან ამ ტრენდს ხელოვნური ინტელექტის რევოლუციური განვითარება გააძლიერებს. ანუ პატარები უფრო ძლიერები გახდებიან ნაკლები დანახარჯებით.
დონალდ ტრამპის იმედგაცრუება გასაკვირი არ არის. გავიხსენოთ, რა თქვა მან ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ორიოდე დღეში: „ჩვენ გავიმარჯვეთ. ცხადია, წინასწარ გამარჯვების გამოცხადება მიზანშეუწონელია, მაგრამ მე მაინც გეუბნებით, რომ გავიმარჯვეთ. პირველივე საათებში ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ გავიმარჯვეთ“.
ერთადერთი, რაშიც იგი მართალი აღმოჩნდა, ისაა, რომ სიტყვა „გავიმარჯვეთ“ წინასწარ მართლაც არ უნდა თქვა.
დონალდ ტრამპი ვერ აცნობიერებდა, რომ ირანის მთავრობასაც აქვს უფლება თქვას, თუ როდის მოიგებს ომს ან წააგებს. და უფრო მნიშვნელოვანი, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით - ომის მეორე დღესვე ირანს უკვე ჰქონდა გეგმა „ბ“: ოპერატიულად გამოიყენოს თავისი მდებარეობა და იმოქმედოს მასშტაბურად, ზუსტად და იაფად, რათა კონტროლი დაამყაროს ჰორმუზის სრუტეზე. და ეს იმის მიუხედავად, რომ ირანის შეიარაღებული ძალები ბევრად სუსტია აშშ-ის არმიასთან შედრებით და პლუს ის, რომ ირანელები მართლაც ძალიან დაზარალდნენ.
ჩემთვის სასიამოვნო იქნებოდა, რომ ქედმაღალი, თავის თავზე შეყვარებული და მუდმივად მკვეხარა ჩვენი პრეზიდენტი რეალობას აღიარებდა და შეურიგდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მისი მოქმედება საშიში ხდება.
ირანი 1979 წლიდან პერიოდულად იმყოფება ეკონომიკური სანქციების ქვეშ, მაგრამ მან მაინც მოახერხა რთული, მაგრამ შედარებით იაფი რაკეტებისა და დრონების არსენალის შექმნა. თეირანმა შეძლო ერთდროულად წინააღმდეგობა გაეწია ისრაელისთვისაც და აშშ-სთვისაც. ფაქტია, რომ ირანმა დიდი ზიანი მიაყენა აშშ-ის სამხედრო ბაზებს სპარსეთის ყურის რეგიონში. დანაკარგების მასშტაბებს დონალდ ტრამპი და მისი თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ჯიუტად მალავენ.
განვიხილოთ მხოლოდ რამდენიმე ისტორია, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
მიზეზი, რომლის გამოც სპარსეთის ყურეში მყოფი აშშ-ის მთავარი ავიამზიდის „აბრაამ ლინკოლნის“ 5-ათას კაციან ეკიპაჟს მარაგები უმთავრდება ხოლმე, არის ის, რომ ირანის რაკეტებმა და დრონებმა ბაჰრეინში იმ ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს, რომლითაც ავიამზიდის რეზერვების შევსება ხდებოდა ხოლმე. მსხვილი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელსაც ფლოტი ათეული წლის განმავლობაში ეყრდნობოდა, ფაქტიურად აღარ არსებობს. ამიტომ დონალდ ტრამპი და მისი თვითკმაყოფილი მინისტრი პიტ ჰეგსეთი იძულებულნი გახდნენ მომარაგების ცენტრად ბაჰრეინიდან თითქმის სამი ათას კილომეტრზე მდებარე დიეგო-გარსიას ბაზა გადაექციათ, რომელსაც აშშ დიდ ბრიტანეთთან ერთად იყენებს. რატომ აღმოჩნდა ბაჰრეინის ბაზა დაუცველი ირანული რაკეტებისგან ომის პირველივე დღეებში?
ან შეიძლება ბევრმა ასევე ვერ შეამჩნია იორდანიაში, მუვაფაკის ბაზაზე განლაგებული 500-მილიონიანი დოლარის ღირებულების რადარის განადგურება? ერთ-ერთმა იორდანელმა მაღალჩინოსანმა ჩემთან საუბარში გაკვირვება გამოხატა, თუ როგორ მოახერხა ირანულმა რაკეტამ რადარის განადგურება ისე, რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემამ ვერ აღმოაჩინა. რაკეტა „მიეპარა“ და რადარს გვერდიდან დაარტყა და ეს ხდება აშშ-ის არსენალში ყველაზე სრულყოფილი რაკეტსაწინააღმდეგო რადიოლოკაციური სადგურის წინააღმდეგ!
ჯონ აკრილამ, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სკოლის საპატიო პროფესორმა, ამიხსნა, რომ სარაკეტო ომი არ ნიშნავს მხოლოდ რაკეტის გაშვებას და სამიზნისაკენ მიმართვას წინასწარ დაგეგმილი ტრაექტორიით GPS-ის მეშვეობით. რუსებმა დიდი რესურსები დახარჯეს ისეთი რაკეტების შექმნაზე, რომლებიც ჰიპერბგერითი სიჩქარით დაფრინავენ და შეუძლიათ სამიზნეს ისეთი კუთხით შეუტიონ, როგორსაც მოწინააღმდეგე არ ელოდება. არის ცნობები, რომ ირანული რაკეტა „ფატაჰი“ სწორედ ასეთ შესაძლებლობებს ფლობს, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, როგორ მოახერხა შეუმჩნევლად მიფრენა რადარამდე, რომელიც ირანიდან 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს?
კიდევ ერთი ფაქტი: ორმა ირანულმა დრონმა შუაღამით, 3 მარტს, ერ-რიადში (საუდის არაბეთში) მდებარე აშშ-ის საელჩოს დაარტყა. პირველმა დრონმა შენობის კედელში ნახვრეტი გააკეთა, მეორე დრონი კი იმ ნახვრეტში შეფრინდა და შიგნით აფეთქდა. გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობას რამდენიმე საათი დაჭირდა. არის ეჭვი, რომ ირანელებმა რუსეთის მიერ მიწოდებული თანამგზავრული დაზვერვის მონაცემებით ისარგებლეს. თუმცა ინტერნეტში უკვე იმდენი ინფორმაციაა, რომ ჭკვიან ბავშვსაც კი შეუძლია მათი გამოყენება.
როგორც ჯონ აკრილა ამბობს, მრავალი თაობის განმავლობაში ომები არტილერიის დახმარებით მიმდინარეობდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი ფიზიკის კანონებს ექვემდებარებოდა: რაც უფრო შორს გაისროდი ქვემეხიდან ჭურვს, ის მით უფრო უზუსტო იქნებოდა - იმიტომ, რომ მანძილის დაფარვისას ჭურვის მასის გამო ენერგია იხარჯება და ის დიდი ცდომილებით ფეთქდება. დღეს ომები ზუსტი ინფორმაციით მიმდინარეობს, რაკეტები და დრონები ზუსტად არიან დაპროგრამებულები სამიზნის კოორდინატებით. ირანმა აჩვენა, თუ როგორი ზუსტი იარაღი შეიძლება შექმნას სარდაფებში მოწყობილ სახელოსნოებში.
უკრაინა სამხედრო-საზღვაო სახელმწიფოა, რომელსაც ტრადიციული ფლოტი არ აქვს, მაგრამ აქვს უპილოტო დრონები და შეიარაღებული ჰიდროციკლები, რომელთა მეშვეობით კიევმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საკმაოდ შორს გააძევა უკრაინის ნაპირებიდან.
„ასეთი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დღეს მსხვერპლს (ირანს, ჰუსიტებს, „ჰეზბოლას“, „ჰამასს“) უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე თავდამსხმელს (აშშ-ს, ისრაელს)“, ამბობს ჯონ აკრილა.
დონალდ ტრამპი და პიტ ჰეგსეთი კი ამ დროს ყურადღებას აქცევენ სამხედრო გემების ტონაჟისა და დაბომბვის სიხშირის გაფართოებას, ირანი კი რაკეტებით და პატარა იაფფასიანი დრონებით მოხერხებულად უტევს აშშ-ის ბაზებს და არაბულ ნავთობის ტერმინალებს.
ასეთი ახალი იარაღი აძლიერებს პატარა ქვეყნების უპირატესობას დიდების მიმართ: პატარებს არ ჭირდებათ გამარჯვება, მათ მხოლოდ დამარცხებისაგან თავის არიდება უნდათ.
თუმცა, ირანელებიც თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცნენ: დიდებს (ძლიერებს) შეუძლიათ მსხვილმასშტაბურად იმოქმედონ. ზუსტ საინფორმაციო მონაცემებს ისინიც წარმატებით იყენებენ: ომის პირველივე დღეს ისრაელმა ზუსტი ავიადარტყმით ჯერ ირანის ლიდერი გაანადგურა, შემდეგ კი თათბირზე შეკრებილი 40 ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი.
რაც დღეს მართლაც შემაშფოთებელია, არის ის, რომ „პატარებს“ ხშირად დიდებზე მეტი შესაძლებლობა უჩნდებათ (პატარებში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ როგორც სახელმწიფოს ძლიერებას, ასევე ადამიანების ასაკსაც). პატარა, შედარებით სუსტ სახელმწიფოში მცხოვრებ მოზარდს, რომელსაც ნოუთბუქი აქვს, Starlink-ისა და ხელოვნური ინტელექტის კომპაქტური მოდელის მეშვეობით შეუძლია დიდი და ძლიერი სახელმწიფოს რომელიმე დიდი ქალაქის მუნიციპალური ელექტრო- და წყალმომარაგების სისტემა დაარღვიოს.
ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ახლო მომავალში, მოისმენთ, თუ როგორ მიმართავს თქვენი ქალაქის მერი ვიღაცას დონალდ ტრამპის ხმით: „უგუნურო ნაბიჭვარო, წყალი (დენი) ჩართე, თორემ ჯოჯოხეთში გაგგზავნი...“.
ავტორ(ებ)ი :