12.08.2026 18:42
„უკრაინას აუცილებლად ჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტის“ ასობით ანტირაკეტა, რათა თავი დაიცვას რუსული ბალისტიკური რაკეტების შეტევებისაგან, რომელიც, დიდი ალბათობით, ზამთრის მოახლოებას კვალობაზე, გაძლიერდება. სამწუხარო ისაა, რომ უკრაინა სამამულო წარმოების რაკეტების დროულად წარმოებას ვერ ასწრებს, აშშ-სგან მიღება კი გართულებულია, ირანთან ომის გამო. სიტუაციას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ რაკეტები არც უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს არ აქვთ იმდენი, რომ კიევს გაუნაწილონ. ისინი, ბუნებრივია, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე ფიქრობენ, - წერს ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი ბელგიაშია), სათაურით: "პეტრიოტის" რაკეტები არც უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს არ აქვთ და ამიტომ ისინი კიევს ვერ ეხმარებიან" (ავტორი - ქრის ლანდეი და ვერონიკა მელკოზეროვა).
ტიან ტალი).
გასულ კვირაში უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრმა მიხეილ ფედოროვმა „პეტრიოტის“ რაკეტების დეფიციტს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უწოდა: „ბოლო თვეებში რუსეთი სულ უფრო მეტ ბალისტიკურ რაკეტას უშვებს ყოველთვიურად და ყოველკვირეულად, ანუ იმაზე მეტს, რასაც ცვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. ამაშია სწორედ საკითხის სიმწვავე: აშშ-ში ამ რაკეტების წარმოების ტემპები მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. რაკეტების მარაგის შევსების კიდევ ერთი წყაროა ევროპული ქვეყნების სამხედრო საწყობები, მაგრამ ისინიც თითქმის ცარიელია - იქ შეიძლება მხოლოდ 5 ან 10 რაკეტა შეიძლება ვიპოვოთ“, - ამბობს ყოფილი მინისტრი უკრაინული გამოცემის „ნოვინი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, დეფიციტი ეხება „პატრიოტისათვის“ აუცილებელ PAC-3 და PAC-2 მარკის რაკეტებს., რომლებიც მნიშვნელოვან ეფექტურობას ამჟღავნებენ რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურებაში.
გერმანიამ, რომელიც უკრაინისათვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, თავის დროზე კიევს უკვე გადასცა რამდენიმე საზენიტო კომპლექსი „პეტრიოტი“ რაკეტებითურთ, მაგრამ ახლა ბერლინი არჩევანის წინაშე დგას: გერმანიამ უნდა მოძებნოს „ოქროს შუალედი“ კიევის მზარდ მოთხოვნილებასა და საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად, ნატოს მოთხოვნების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, სხვა ევროპული ქვეყნებიც გერმანიის მსგავსად დილემის წინაშე დგანან: თავისთვის დაიტოვონ რაკეტები და თუ უკრაინას გადასცენ? საბოლოო ჯამში, ისინი ვალდებულნი არიან უპირველესად საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
„ჩვენ უკვე იმ დონეზე ვართ მისულები, რომ კიევისათვის მეტის მიცემა აღარ შეგვიძლია“, - იმოწმებს „პოლიტიკო“ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ოფიცრის, ბრიგადის გენერლის იურგენ შრედლის ნათქვამს, - „ჩვენ ახლა საკუთარ თავდაცვაზეც უნდა ვიფიქროთ“.
თავის მხრივ, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ტორე სანდვიქმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის „პეტრიოტის“ რაკეტებით უზრუნველყოფაში ყველა ევროპულმა ქვეყანამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნორვეგიელი მინისტრის შენიშვნა უპირატესად ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა პოლონეთი, ესპანეთი და საბერძნეთი. სწორედ მათ აქვთ რაკეტების მეტი მარაგი ნატოს სხვა ევროპელ წევრებთან შედარებით.
ამასთან, რადგან „პეტრიოტისთვის“ საჭირო რაკეტებს, განსაკუთრებით უახლესი მოდიფიკაციის მქონე PAC-3-ს, მხოლოდ აშშ აწარმოებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გაყიდვა-გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ თეთრ სახლს აქვს. ნატოს ანკარის სამიტზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონი უკრაინას რაკეტების წარმოებისათვის ლიცენზიას მისცემსო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში მეთიუ უითაკერმა აღნიშნა, რომ ზამთრამდე რაიმე კონტრაქტის დადებაზე ფიქრი ნაადრევიაო, საბოლოოდ კი ისევ დონალდ ტრამპმა შეიტანა სინათლე საკითხში: „ლიცენზიის კიევისათვის გადაცემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა და საერთოდ, „პეტრიოტის“ რაკეტები ჩვენ თვითონაც ძალიან გვჭირდებაო“. იგულისხმება ის, რომ ირანთან ომში აშშ ძალიან ბევრ რაკეტებს ხარჯავს, რომლებიც ძალზე ძვირადღირებულია.
უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ბევრად უფრო იაფი საკუთარი წარმოების რაკეტები. უკვე მიმდინარეობს რაკეტა-„დამჭერის“ „ფრეიას“ აწყობა, მაგრამ პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, საჭიროა ინვესტიციები, საინჟინრო სამუშაოები და პრაქტიკული გამოცდა.
„პეტრიოტის“ რაკეტებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას ავსტრიის არმიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დოცენტი გუსტავ გრესელი ეჭვს გამოთქვამს იმაზე, რომ უკრაინა უახლეს ხანში აშშ-საგან ლიცენზიას მიიღებს: „ვფიქრობ, კიევი ძალიან ოპტიმისტურად იყო თავიდანვე განწყობილი, მაგრამ იმედი არ გამართლდა. ლიცენზიის გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან პრაქტიკულად უკვე მოხსნილია.უკრაინა, უკეთეს შემთხვევაში ლიცენზიას 4-5 წლის შემდეგ მიიღებს - ისევე, როგორც გერმანია“.
ავტორ(ებ)ი :