30.07.2026 10:41
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობა მიიღო მოულოდნელად გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის დაკრძალვაში. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი სიკვდილამდე რამდენიმე დღის წინ ბოლო ვიზიტით სწორედ კიევში იმყოფებოდა. შესაბამისად, ამერიკული პრესა ამ დღეებში ფართოდ აშუქებს აშშ-უკრაინის ურთიერთობებს და წერს როგორც ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, ასევე იმ გარკვეულ ვარაუდებზეც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ვაშინგტონ-კიევის კავშირები სამომავლოდ.
გთავაზობთ გაზეთ „პოლიტიკო“-ში (Politico) გამოქვეყნებული ორი სტატიის მოკლე ვარიანტებს: პირველი, რომელიც 28 ივლისს დაიბეჭდა და ეხება ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე არსებულ მდგომარეობას, სანამ იგი ვაშინგტონში ჩავიდოდა და დონალდ ტრამპს შეხვდებოდა. მეორეში კი, 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულში, აღწერილია სიტუაცია ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.
პუბლიკაციაში, რომლის სათაურია „ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ახალ მეგობრებს ეძებს: უკრაინის ლიდერი MAGA-ს მხარდამჭერებთან დაახლოებას ცდილობს“ (ავტორები - ფელიცია შვარცი, მეგან მესერლი, ზოია შაფტალოვიჩი) ნათქვამია: „უკრაინის მეთაურს იმედი აქვს, რომ იმ რესპუბლიკელებს მიიმხრობს, რომლებიც დევიზის „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) ერთგულები არიან და სკეპტიკურად უყურებენ უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ რამდენად შესაძლებელია რესპუბლიკელი კანონმდებლების პოზიციის ცვლილება კიევის სასარგებლოდ?
დღეისათვის უკრაინისადმი მიმხრობის საკითხში ყველაზე ნათელ მაგალითს წარმოადგენს კონსერვატიული აქტივისტ-ბლოგერის ლორა ლუმერის მეტამორფოზა: იგი ჯერ უკრაინის მკაცრი მოძულე იყო, ცოტა ხნის წინათ კი კიევის აქტიური მხარდამჭერად იქცა. გასულ კვირას ლორა კიევში იმყოფებოდა, ინტერვიუ ჩამოართვა ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ ახლა მას თვალი აეხილა და პოზიცია უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა.
ბოლო კვირაში გაჩნდა სხვა სიმპტომებიც იმისა, რომ უკრაინა პოპულარული ხდება თვით რესპუბლიკელ „იზოლაციონისტებშიც“: ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსმა ამას წინათ მაღალ დონეზე შეაფასა უკრაინის თავდაცვითი სტრატეგია და განაცხადა, რომ კიევის წარმატებული მოქმედება ბრძოლის ველზე ხელს უწყობს პირობების შექმნას მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს მისი პოზიციის საბოლოო ცვლილებას, ჯერ გაურკვეველია.
მაგრამ ფაქტია, რომ „დიდებული ამერიკის“ ანუ MAGA-ს იდეის მიმდევრები კაპიტოლიუმის ბორცვზე (კონგრესში) ლორა ლუმერის „თვალის ახელას“ არ იზიარებენ. ეს განსაკუთრებით ჩანს წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთა ჯგუფში, რომლებიც დიდი ხანია ითხოვენ იმას, რომ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ უკრაინისათვის ყოველგვარი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევა შეწყვიტოს.
„სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მე პირადად უკრაინისადმი მხარდაჭერას არ ვაპირებ“, - ამბობს წარმომადგენელთა პალატის წევრი ტიმ ბერჩეტი ტენესის შტატიდან, რომელიც ტრამპისტი და „დიდებულოი ამერიკის“ იდეის მომხრეა.
ის რესპუბლიკელები, რომლებიც მხარს უჭერენ ანალოგიურ პოზიციას, აცხადებენ, რომ ლორა ლუმერს კარგად გადაუხადეს და ამიტომ იგი პროუკრაინულად ალაპარაკდა. მათი თქმით, უკრაინაზე თავისი აზრი არცერთ რესპუბლიკელ კანონმდებელს არ შეუცვლია, ანუ ისინი თავიანთი რწმენის ერთგულები რჩებიან.
„აშშ-ის საგარეო პოლიტიკა სოციალური ქსელებით არ ხორციელდება“, - განაცხადა ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა ანონიმურად, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ზოგიერთი თანაპარტიელის „გონების გამონათებები“ (აღიარებები) სოციალურ ქსელებში.
როცა ლორა ლუმერს ჰკითხეს, თუ ვინ გადაიხადა უკრაინაში მისი ყოფნის ფული, მან თქვა, რომ უკრაინის მთავრობას არ გადაუხდიაო და დეტალებზე არაფერი უთქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინაში თავისი სურვილით ჩავიდა. „მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხალხი ასე ანერვიულდებოდა ჩემი კიევში ყოფნით... ჩემი უკრაინაში ჩასვლა თითქმის უპირველეს ამბავად იქცა. მე შეხვედრები დაგეგმილი არ მქონდა, მაგრამ უეცრად ყველამ მოისურვა ჩემთან საუბარი“, - ტქვა მან.
როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, თავდაპირველად ლორა ლუმერის ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა „დააფასა“, რომ ამერიკელ ბლოგერს პირველი პირისგან სურდა მოესმინა ყველაფერი კონფლიქტის შესახებ და ამიტომაც დათანხმდა ინტერვიუზე.
თეთრ სახლთან ახლოს მყოფი წყაროები ეჭვობენ, რომ ლორა ლუმერის განცხადებები გულწრფელი არ არის: „ამერიკულ მასმედიაში უცხოეთის სახელმწიფოების ინტერესები და მათთან დაკავშირებული პოზიციები ინერგება. ჩვენი საინფორმაციო სივრცე კონტროლიდან გამოდის“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა ანონიმურობის პრინციპით.
ლინდსი გრემის სიკვდილით უკრაინას ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი მოაკლდა. სწორედ იგი უბიძგებდა დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმისათვის რესპუბლიკური პარტიის შიგნით, თუმცა პრეზიდენტის პოზიციის სრული შეცვლა ლინდსი გრემმა თავისი გავლენით მაინც ვერ მოახერხა.
ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლითაც იგი დონალდ ტრამპის წინაშე თავს მოიწონებს - „უკრაინა საქმით აჩვენებს, რომ მას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია. მართლაცდა, აშკარაა, რომ ბოლო დროს უკრაინული დრონები არღვევენ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემას და ცდილობენ კრემლის უკანდახევას მიაღწიონ.
კურტ ვოლკერის თქმით (იგი აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი იყო პირველი ვადის დროს), დონალდ ტრამპის განცხადება ნატოს ანკარის სამიტზე, რომ მან შეიძლება უკრაინას „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზია მისცეს, არის სიგნალი „დიადი ამერიკის“ მომხრეებისთვის, რომ „უკრაინისადმი მხარდაჭერა ნორმალურია“. „დონალდ ტრამპი აშკარად ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი წარმატებას ვერ აღწევს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი იბრძვის და იმარჯვებს... ალბათ, ამ ფაქტმა ტრამპის პოზიციაზე გავლენა მოახდინა და მისი დამოკიდებულება უკრაინელი კოლეგის მიმართ გამოსწორდა“. სხვათა შორის, კურტ ვოლკერი ამჟამად უკრაინის ერთ-ერთი ენერგეტიკულ კომპანიაში მრჩევლად მუშაობს.
ანაკარაში მყოფი ნატოს ქვეყნების ლიდერებიც, დონალდ ტრამპის ნაბიჯის ფონზე, თანდათან გამოდიან სკეპტიციზმიდან და მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ - უკრაინის სასარგებლოდ. „მე სრულიად სხვაგვარი ტონი შევნიშნე“, - განაცხადა ამას წინათ მარია სტენეგარდმა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, - „ჩვენ კიევისადმი მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, რომ ომში გარდატეხა მოახდინოს და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა აიძულოს“.
ავტორ(ებ)ი :