ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
აშშ და რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადის“ აღდგენისა და ფართო ეკონომიკური შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავენ 28.10.2026 15:52

აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო შეთანხმების ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

 

განხილვის ერთ-ერთი მიმართულება ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების განახლება და „ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის დარჩენილი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაა.

Megatron-ისა და Euronews-ის (სპარსული რედაქცია) მიერ Reuters-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობებით, განხილვის თემებს შორის არის „ჩრდილოეთის ნაკადის“ (Nord Stream) ექსპლუატაციის აღდგენა, „ლუკოილის“ აქტივები, ბირთვული ტექნოლოგიები, არქტიკული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) და გაყინული რუსული აქტივების დებლოკირება.

 

Reuters-ის 8 ოქტომბრის ექსკლუზიური მასალის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე და სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველ კირილ დმიტრიევთან ერთად ამერიკელი ინვესტორის „ჩრდილოეთის ნაკადის" პროექტში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავდა. გამოცემა ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა.

 

22–23 ოქტომბერს The Economist-მა დაწერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ რუსეთს ეკონომიკურ სტიმულებს, მათ შორის გაზის მიწოდების განახლებას სთავაზობს.

 

27 ოქტომბერს კი RFE/RL-ის ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ, ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, დაადასტურა, რომ ენერგეტიკული და კომერციული გარიგებების პაკეტი, მათ შორის Nord Stream-ის შესაძლო აღდგენის საკითხი, მართლაც განიხილება.

 

28 ოქტომბერს Financial Times-მაც დაწერა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ომის შემდგომი ეკონომიკური შეთანხმებების შესაძლო პაკეტზე მსჯელობენ. განხილულ საკითხებს შორისაა რუსული ენერგორესურსების ევროპაში მიწოდება, „ლუკოილის" საერთაშორისო აქტივების შესაძლო გაყიდვა და „ჩრდილოეთის ნაკადის" დარჩენილი ინფრასტრუქტურის გამოყენება.

 

ამასთან, პროექტის განახლებას მნიშვნელოვანი დაბრკოლებები აქვს. გაზსადენის ინფრასტრუქტურა 2022 წელს აფეთქებებით დაზიანდა, მოქმედებს სანქციები, ხოლო გერმანია რუსული გაზის მიწოდების განახლებას მხარს არ უჭერს.

 

ჯერჯერობით უცნობია, გადაიზრდება თუ არა განხილვები კონკრეტულ შეთანხმებაში. მოლაპარაკებების შესაძლო საკითხების შესახებ ცნობები არ ნიშნავს, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

 

წყარო

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ