25.11.2026 22:54
საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და მასთან დაკავშირებულ რისკებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სუროგაცია ყველა ქვეყანაში დაშვებული არ არის, უცხოელების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდებოდა, შესაბამისად, ამ პროცესს თან ახლდა რისკები, რომლის კონტროლიც სახელმწიფოსთვის რთულია.
"საქართველო მსოფლიო რუკაზე იყო აღნიშნული, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. იმდენად დერეგულირებული იყო და იმდენი პრობლემა არსებობდა [ამ მიმართულებით], რომ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ბევრი თვალსაზრისით.
ბევრისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, საერთაშორისო დონეზე. ამაზე მეტყველებს რიცხვებიც, რომელიც მზარდი იყო, მათ შორის წელს რეკორდული მაჩვენებელია. წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოეთიდან ჩამოსული. წელს 3000-ს გასცდება საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რიცხვი. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოელების მიერ სუროგაციით ბავშვის შექმნა. ბუნებრივია, ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.
ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიიაფის გამო ხდებოდა, უბრალოდ, ეს არ არის ყველგან ხელმისაწვდომი
„დავსვათ კითხვა: რატომ არ აქვს, მაგალითად, გერმანიას სუროგაცია დაშვებული? საფრანგეთს? თან - არცერთი ფორმის. თავის დროზე რატომ იყო სუროგაცია დაშვებული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ, ერთი შეხედვით, ამას შეიძლება ჰქონდეს არგუმენტი... დღესაც, ეს არ არის მარტივი საკითხი - მშობლად გახდომის უფლება მართლაც წმინდათა წმინდა და მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო უკლებლივ ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ და აბსოლუტურად უკონტროლო იყოს ეს ყველაფერი. არსებობს დილემა - ხომ არ იყოს ეს საკითხი მკაცრად რეგლამენტირებული, მკაცრად რეგულირებული და ამ სიმკაცრეში, ვთქვათ, შეიძლება გაჩნდეს ამ რისკების დაზღვევის შესაძლებლობა?.. - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.