ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"მდიდარი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ მომსახურებით, რომლის რისკებსაც ღარიბი ქვეყნების ქალები იღებენ" - რას წერს ნინო ხელაია სუროგაციაზე 23.11.2026 22:20

"სუროგაციის ინდუსტრია მხოლოდ ბიოეთიკისა და სამართლებრივი რეგულირების საკითხი არ არის – ის ნათლად აჩვენებს, როგორ ერთვება საქართველო გლობალურ ეკონომიკაში და როგორ იქცევა ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობად. ამის შესახებ პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, ნინო ხელაია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სუროგაციის სფეროში მდიდარი ქვეყნების მოქალაქეები სარგებლობენ მომსახურებით, რომლის ფიზიკურ და სოციალურ რისკებსაც შედარებით ღარიბი ქვეყნების ქალები იღებენ საკუთარ თავზე.

 

"სუროგაცია მხოლოდ ერთ-ერთი და შედარებით სენსიტიური მაგალითია იმისა, თუ რა ზოგადი თავისებურებები აქვს გლობალურ ბაზარს. 

ერთი კარგი ბელგიელი ავტორია, Sigrid Vertommen, Siggie San რომელიც დიდი ხანია საქართველოში სუროგაციის ტრანსნაციონალურ ინდუსტრიაზე აქვეყნებს სტატიებს და ამ თემებზე საუბრობს. ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ მისი შრომები. 

ბიოეთიკის საკითხების მიღმა, სუროგაციის ინდუსტრიით (რომელსაც "გლობალური ფერტილობის ჯაჭვები" შეარქვეს) კარგად ჩანდა თუ როგორ ერთვებოდა საქართველო გლობალურ ეკონომიკაში: ის რაც ქართველი ქალისთვის მაღალი ანაზღაურება იყო (18-20 000 დოლარი), უცხოელი დამკვეთისთვის (დიდწილად ისრაელის მოქალაქეებისთვის) იაფ მომსახურებად ითვლებოდა. ანუ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა საერთაშორისო ბაზარზე უმეტესად ეფუძნებოდა მოსახლეობის ეკონომიკურ გაჭირვებას. 

ამას ემატება ისიც, რომ სუროგაცია ბევრ მდიდარ ქვეყანაში აკრძალულია (საფრანგეთზე იყო დისკუსია სოც. ქსელებში და ერთ-ერთი პრაქტიკოსი ექიმი საფრანგეთსა და საქართველოს შედარებით ინსტიტუციურ ანალიზს გვთავაზობდა). 

სხვა ქვეყნებში აკრძალვის ფონზე, საქართველოში სუროგაცია კომერციულ ინდუსტრიად ყალიბდება. ანუ საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი უპირატესობა მხოლოდ იაფი შრომა კი აღარ არის, არამედ ისიც, რომ აქ დაშვებულია ისეთი საქმიანობა, რომელსაც სხვა ქვეყნები ეთიკური და სამართლებრივი მიზეზებით ზღუდავენ. 

შედეგად, მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მომსახურებით, რომლის გაწევასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და სოციალურ რისკებსაც შედარებით ღარიბი ქვეყნების ქალები იღებენ საკუთარ თავზე.

მოკლედ, სუროგაცია არის მხოლოდ ერთი მაგალითი, რომელსაც უფრო დიდ შეკითხვებამდე მივყავართ. 

მაგალითად, რამდენად შეუძლია ქვეყანას ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა, თუ მისი ფუნქცია გლობალურ ბაზარზე სწორედ ამ ჩამორჩენილობით განისაზღვრება? თუ გლობალურ ბაზარს ის აინტერესებს, რომ შენ ეს ღარიბის ფუნქცია შეინარჩუნო (იმისთვის, რომ თავად მან ნორმალურად გააგრძელოს არსებობა) მაშინ რა გზებია დარჩენილი ჩვენნაირი ქვეყნისთვის"-წერს ნინო ხელაია.

 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ