შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პატრიარქი: ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი 13.11.2026 19:51

 

ვევედროთ წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეზე გამართული პარაკლისის შემდეგ მრევლს ქადაგებისას.

როგორც შიო მესამემ აღნიშნა, საქართველოს მართებს უფლისადმი ერთგულების გზით სიარული, რათა გაძლიერდეს და გამთლიანდეს.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა 100 000 მოწამე, ისევე როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიისა, არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება აღდგომილ ქრისტეზე. რას ნიშნავს მოწამე, ეს ნიშნავს მოწმეს, ასე ჟღერს ბერძნული სიტყვა - მარტის, ნიშნავს მოწმეს და ნიშნავს მოწამეს. წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არა აქვს არანაირი ძალა. ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით, ჩვენ ვხვდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილეები. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ გამხდარიყვნენ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი. ამიტომაც, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მოწამეობა, მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო.

მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი გრძელდებოდა. ამას პირველი ბიძგი, როგორც იცით, მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგებამ, რომელთა უმრავლესობაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად, მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს. მათ შემდგომ პერიოდებში, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა მორწმუნეებს ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი და მათი ლოცვით, მათი წყალობით, მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგამ მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება.

ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყოს შემდგომ პერიოდებშიც. ასე იყო მე-20 საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა. დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლებაც, ერთად ვზეიმობთ, აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნის, სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს და ეკლესია დგას, არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს, ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალი იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენც გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით, უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში, სულის გადასარჩენად, საცხოვნებლად, მოგვიწოდა, მოგვიყვანა და ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულსა და ერთგულებაში.

დღეს ჩვენ ვევედროთ, ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა 100 000 ქართველ მოწამეს, რომ გვასწავლონ, ვიყოთ ერთგული მოწმენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, რომელიც ადასტურებს, რომ მხოლოდ ამ გზით სიარულმა გადაარჩინა ჩვენი ერი და მოიყვანა დღემდე. ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, რომ მხოლოდ ამ გზის ერთგულება გადაგვარჩენს ჩვენ და მიგვიყვანს სასუფევლამდე. ამდენად, ჩვენ გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ გზის ერთგულება და ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს და გადარჩეს და გამთლიანდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა ასი ათასი მოწამე შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს, წმინდა 100 ათასი მოწამის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს, გააძლიეროს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო", - განაცხადა პატრიარქმა.

 

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ