04.11.2026 13:17
იტალიის დედაქალაქში, კამპიდოლიოს (Campidoglio) ისტორიულ დარბაზ Sala del Carroccio-სა და რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში (RUFA), მსოფლიო კინოფესტივალების პირველი საერთაშორისო კონგრესი (World Film Festivals Congress) ჩატარდა.
ფორუმი უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციურ მონაპოვარს და ისტორიული მასშტაბის წარმატებას წარმოადგენს ქართული კულტურული დიპლომატიისა და კინოინდუსტრიისთვის.
გლობალურ ორგანიზაციას - CINETOUR-ს, რომელიც მსოფლიოს 68 ქვეყნის 120-მდე წამყვან კინოფესტივალს აერთიანებს, სათავეში ჩაუდგა ცნობილი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი ირინა ხანგოშვილი, რომელიც ორგანიზაციის გენერალურ მდივნად და დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
ფორუმს, რომელიც 2026 წლის 27-30 ოქტომბერს გაიმართა, 25 ქვეყნიდან 100-მდე დელეგატი ესწრებოდა: საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, კინოინდუსტრიის პროფესიონალები, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. კინოფორუმის მთავარ მიზანს კინოფესტივალებს შორის მუდმივმოქმედი საკოორდინაციო პლატფორმის ჩამოყალიბება, კულტურული დიპლომატიის განვითარება, ერთობლივი პროექტების წახალისება და კინოტურიზმის (Film Tourism) ხელშეწყობა წარმოადგენდა.
ორგანიზაციის სათავეში საქართველოს წარმომადგენლის ყოფნა ქვეყნის კინოსექტორისთვის სტრატეგიული წინგადადგმული ნაბიჯია. ირინა ხანგოშვილი - დოკუმენტალისტი, საერთაშორისო მედიაპროდიუსერი და საქართველოში დაფუძნებული „Art & Travel International Film Festival"-ის (ATIFF) პრეზიდენტი - წლებია აქტიურად მოღვაწეობს გლობალურ კინოსივრცეში.
როგორც ევროპისა და მსოფლიოს პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის მუდმივი წევრი (მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და სამხრეთ აფრიკაში), ირინა ხანგოშვილი ფლობს მრავალწლიან კავშირებსა და ინსტიტუციურ ნდობას, რაც საფუძვლად დაედო CINETOUR-ის საერთაშორისო ქსელის გაფართოებას. მის მიერ ინიციირებული და მართული პროექტები წლებია უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული მემკვიდრეობის, ენოლოგიისა და გასტრონომიული კულტურის გატანას საეთერო და საფესტივალო ეკრანებზე.
„CINETOUR-ის პლატფორმა არ არის მხოლოდ ფორმალური გაერთიანება - ეს არის რეალური მექანიზმი, რომელიც საქართველოს აყენებს საერთაშორისო კინოპროცესების ცენტრში. როდესაც ჩვენ ვმართავთ დიალოგს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებთან, იხსნება პირდაპირი გზა ქართული კინოს საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, ახალგაზრდა ავტორების ხელშეწყობისა და ქვეყანაში მსხვილი ერთობლივი კოპროდუქციების მოსაზიდად," - აღნიშნავს ორგანიზაციის გენერალური მდივანი ირინა ხანგოშვილი.
რა სტრატეგიულ შესაძლებლობებს უხსნის CINETOUR საქართველოს?
რომის კონგრესის შედეგები ქართული კულტურული სექტორისთვის რამდენიმე პირდაპირ უპირატესობას ქმნის:
საერთაშორისო გამოხმაურება და სამომავლო გეგმები
CINETOUR-ის პრეზიდენტმა, ჯან სარაჩოღლუმ (Can Saraçoğlu) ხაზი გაუსვა გუნდის ერთობლივ ძალისხმევას და ქართველი კინემატოგრაფისტის ავტორიტეტს:
„რომში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კინო არის მშვიდობის, სოლიდარობისა და კულტურული დიალოგის ყველაზე ქმედითი იარაღი. ირინა ხანგოშვილის ხელმძღვანელობითა და საერთაშორისო ავტორიტეტით, CINETOUR-მა უმოკლეს დროში შეძლო ათეულობით ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო კინოფესტივალების მომავალს."
რომის წარმატებული სტარტის შემდეგ, CINETOUR-ის მომდევნო გლობალური კონგრესებისა და სამუშაო სესიების მასპინძელ ქალაქებად მადრიდი, ტოკიო, ბერლინი და ლისაბონი განიხილება. პარალელურად, თბილისი პოზიციონირდება როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო რეგიონული ჰაბი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

