01.11.2026 23:17
2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა სახელით - ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.
მამა გაბრიელი მძიმე დროებაში მოგვივლინა უფალმა. თუმცა როგორც ამბობდა, ვერ შევიცანით, ვერ დავაფასეთ... უამრავი სასწაულის წყალობით რწმენაში ბევრი მოაქცია.
მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. იგი თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა.
გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.
მამა გაბრიელი დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აკურთხა და სახელად მისი სურვილით, წმინდა გაბრიელ ათონელის მსგავსად, გაბრიელი ეწოდა.
მამა გაბრიელს გარკვეულ პერიოდში მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა. რწმენის გამო კომუნისტურ პერიოდში იგი იდევნებოდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 1965 წლის 1-ელ მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12 მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის #1 იზოლატორშიც მოხვდა.
მამა გაბრიელი 50-იან წლებში ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. ღირსი მამა ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი მისი ანდერძისამებრ ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა. ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დასვენებული.
მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი
„...ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება და ვილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი...
შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გიგიჭირდებათ მალე.
შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო. რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს...
ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომცდა ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადდნენ სხვადასხვა დაავადებისგან.
ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა.
ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!
მალე კავკასიონს ტალახი ჩამორეცხავს, შავი მიწა ჩამოიტანს და გაასწორებს. კარგია, თუ შორს, სადმე, სოფლებში მიწები და ადგილები გექნებათ. დაგჭირდებათ მალე მისი დამუშავება და საზრდოს მოყვანა, რათა თავი ირჩინოთ და გამოკვებოთ ერთმანეთი. როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ.
ნეტარ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დღეებს დაითმენს და უფალს სიხარულით შეხვდება. გეტყვით და გირჩევთ, რა უნდა დათესოთ და რა უნდა მოიყვანოთ. ბევრი ადამიანი პურის ნატეხს ყრის და არაფრად აგდებს. შეინახეთ, გაახმეთ, სანატრელი იქნება, შვილებო. ჩვენი პატრიარქი პურის ნაფხვენებს და კარტოფილის ნაფცქვენებს ახმობს და დარიალის ხეობაში ინახავს. საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით".
„მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ - ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს"...
„მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს"...
"საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას და დაკარგვას, ღვთისმშობელი არავის აპატიებს. ყველა დაისჯება.
ბოლოს თბილისის თავს ორი ნაცრისფერი ფრინველი დასტრიალებდა (ბომბდამშენი ხომ არის ნეტავ?).
რუსთაველს არ გაეკაროთ, ისეთი ამბავი იქნება...
ფუნიკულიორზე რესტორანი რომ არის, მაგ შენობას ურევია იმ ეკლესიის ქვები, რომლებიც პარლამენტის შენობის ადგილას იდგა. სანამ ის ქვები თავის ადგილს არ დაუბრუნდება, არასდროს დაწყნარდება იქაურობა, სულ არეულობა იქნება. ის ქვები თავის ადგილს დაუბრუნდება.
ვინც ამ არეულობაში და ომში მოჰყვება, მაგათთვის კარგია სულის ცხონებისათვის.
ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი.
სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამისთვის, რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს.
რომ იტყვიან უკვე, საქართველო აღარ არისო, აი, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და ისეთი სასწაული მოხდება, რომ მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის."
წმინდა მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1993 წელი