30.10.2026 18:01
რეჟისორ ლევან კოღუაშვილისა და ფილმ „გურიას" შემოქმედებით ჯგუფს Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის" ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, პრესტიჟულ ფესტივალზე მოპოვებული მთავარი პრიზი ქართული კინემატოგრაფის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარებაა.
„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად" მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და დაფინანსებით. ამასთანავე, სწორედ ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია" წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი"), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი", - ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.