26.10.2026 17:30
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მინისტრმა, ლეი ხაიჩაომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს.
საუბარია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების, ტელემედიცინის, ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებებზე. მემორანდუმი ასევე მოიცავს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულირების სფეროში. ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, ჯანდაცვის პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების სფეროშიც.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა სისტემის ხარისხის, ეფექტურობისა და მკურნალობის უწყვეტობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი გაფორმდა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პირველადი ჯანდაცვისა და ტრადიციული მედიცინის გაძლიერებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.