19.10.2026 22:07
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ორგანიზაციამ 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ტელეკომპანიების - "ტვ პირველისა" და "ფორმულას" - წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის არმინიჭება "საგანგაშოდ", დისკრიმინაციულად და პროფესიულ საქმიანობაში დაუსაბუთებელ ხელშეშლად შეაფასა.
დეკანოზის განცხადებით, ქარტიამ საკითხი ცალმხრივად, მხოლოდ ერთ წყაროზე - ნოდარ მელაძის პოზიციაზე დაყრდნობით შეისწავლა და საპატრიარქოს არგუმენტებით საერთოდ არ დაინტერესებულა.
საპატრიარქოს წარმომადგენლის განმარტებით, აკრედიტაციის შეზღუდვის მიზეზი გახდა აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზისი დარღვევა, ტაძრის ეზოში სასულიერო პირების დევნა და ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელი გარემოს შექმნა, რაც ლიტურგიკული წესრიგისა და მორწმუნეთა ინტერესების დასაცავად შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ქარტია თვალს ხუჭავს ჟურნალისტთა მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევაზე, რითაც საკუთარ დეკლარირებულ მისიას აცდენილია და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ არის გადაქცეული.
"ამა წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ტელეკომპანიების - "ტვ პირველისა" და "ფორმულას" - წარმომადგენლებს აკრედიტაცია არ მიენიჭათ.
ქარტია აღნიშნულ გადაწყვეტილებას "საგანგაშოდ მიიჩნევს" და იშველიებს ნოდარ მელაძის მიერ მიწოდებულ არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საპატრიარქომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ განუმარტა გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი, ხოლო მიმოწერისას მხოლოდ 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარ ინციდენტზე მიუთითა. ქარტიის შეფასებით, აღნიშნულ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა, აკრედიტაციის შეზღუდვა კი შეფასებულია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებად და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის დაუსაბუთებელ ხელშეშლად.საინტერესოა, ნუთუ ქარტიას 2021 წლის შემდეგ ჟურნალისტთა მხრიდან არანაირი ეთიკური გადაცდომა არ შეუნიშნავს? ნუთუ არ გასცნობია ვიდეომასალებს, რომლებშიც ასახულია სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტების სადავო ქცევა, მათ შორის, ღვთისმსახურების დროს მათი შეწუხებისა და დადგენილი წესების უგულებელყოფის შემთხვევები? პირველ რიგში, სჯობდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, ჟურნალისტთა ეთიკაზე გაემახვილებინა ყურადღება და საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიზეზები უფრო გულდასმით შეესწავლა. თუკი ნოდარ მელაძის პოზიციით დაინტერესდა, შეენარჩუნებინა ობიექტურობა, შესაბამისი განმარტებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგანაც მოეთხოვა და მხოლოდ ცალმხრივად, ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გაევრცელებინა თავისი „საგანგაშო" განცხადება. აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების საფუძველი იყო ზემოხსენებული ტელეკომპანიების წარმომადგენელთა მხრიდან საეკლესიო დღესასწაულებზე მოქმედი შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევა. მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, ჟურნალისტები თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს, მიკროფონებითა და კამერებით ტაძრის ეზოში მისდევდნენ მსახურებისთვის მისულ სასულიერო პირებს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება არ გულისხმობს უფლებას, დაარღვიოს ღვთისმსახურების წესი, უგულებელყოს სასულიერო პირებისა და მორწმუნეთა უფლებები და უპატივცემულოდ მოეკიდოს მათ, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ, არაერთხელ ვიხილეთ ხსენებული ტელეკომპანიების მხრიდან. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იყო არა საზოგადოებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა და ჟურნალისტებისათვის მუშაობაში ხელშეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მორწმუნეთა ინტერესების დაცვა. საინტერესოა, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას თავისი მისია შემდეგნაირად აქვს დეკლარირებული: „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება". ქარტიას რომ სათანადო ყურადღება დაეთმო იმ საქმიანობისთვის, რომელიც თავად აქვს ოფიციალურად გაცხადებული, შესაძლოა, ჟურნალისტთა პროფესიული ქცევის თვალსაზრისით, ვითარება იმ „საგანგაშო" მდგომარეობამდე არც მისულიყო, რომელიც დღეს არაერთ საეკლესიო დღესასწაულსა თუ ღონისძიებაზე იჩენს თავს. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ქარტიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტების განხილვა მასში შესული განცხადებების საფუძველზე. საპატრიარქოს აღნიშნულ საკითხებზე ქარტიისთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა ინტერნეტსივრცეში უხვად მოიპოვება სხვადასხვა წელს გადაღებული ისეთი სიუჟეტები და ვიდეომასალა, რომლებიც ჟურნალისტთა ქცევასთან დაკავშირებით საფუძვლიან კითხვებს აჩენს. რაც მთავარია, ქარტიის პირველი პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, პატივი სცეს სიმართლესა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო მეოთხე პრინციპი ინფორმაციის მოპოვებისას სამართლიანი და კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ პრინციპების გათვალისწინება მაშინ, როდესაც საქმე სასულიერო პირების მიმართ ჟურნალისტთა ქცევის შეფასებას ეხება?!გარდა ამისა, ქარტიის დეკლარირებული საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო-შემეცნებით მუშაობას ჟურნალისტთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პოპულარიზაციას. სწორედ ამ მისიის შესრულება იქნებოდა გაცილებით სასარგებლო პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, ვიდრე საკითხის არასრულყოფილად შესწავლის საფუძველზე საპატრიარქოს მისამართით დისკრიმინაციის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ბრალდების წამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაციის საქმიანობის არსი პროფესიული ეთიკის დაცვა და მიუკერძოებლობა უნდა იყოს. ამის ნაცვლად კი ის ისე აკეთებს კატეგორიულ შეფასებას, რომ სათანადო ყურადღებას არ უთმობს მეორე მხარის, ამ შემთხვევაში - საპატრიარქოს - არგუმენტებს. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღნიშნული მიკერძოებული განცხადება გვაფიქრებინებს, რომ ორგანიზაცია გადაქცეულია ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული რადიკალური მედიის დამცველ ბიუროდ. ჟურნალისტთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება ის გულისხმობდეს პროფესიული ეთიკის დარღვევებზე თვალის დახუჭვას ან ჟურნალისტების პასუხისმგებლობისგან უპირობო გათავისუფლებას.შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის დაცვისკენ მოწოდებული ორგანიზაციის მიუკერძოებლობა და პროფესიული პასუხისმგებლობა თავად ხდება საეჭვო, ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: ხომ არ დადგა დრო, შეიქმნას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ეთიკის კომისია?!," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.