კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
შიო მესამე: ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება 11.10.2026 20:16

სიმპოზიუმის სახელწოდებაც და შინაარსიც ეფუძნება ამ სწავლებას - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს ის სამი უმთავრესი საყრდენია, ჩვენს მრავალსაუკუნოვან სულიერ და ეროვნულ გზას რომ გამოხატავს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

შიო მესამის თქმით, დიდია მადლი და წყალობა, რომელიც ქართველ ერზე მოიღო უფალმა.

 

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ უფლისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით, რათა ერთობით აღვნიშნოთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღვთივკურთხეული მოვლენა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი. დიდია მადლი და წყალობა, რომელიც ქართველ ერზე მოიღო უფალმა. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ღვთის განგებულებამ ღირსგვყო, ღვთისმშობლის წილხვედრი ვყოფილიყავით და უფლის სიტყვის საქადაგებლად საქართველოში მობრძანებულიყვნენ წმინდა მოციქულები, ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე. ღვთის განგებულებითვე წილად გვხვდა კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ასევე კვართი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენს მიწაშია დაფლული ხალენიც წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. 1 700 წლის წინ ქალწულმა ნინომ ამ გზის გაგრძელებით მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა და თავისი ქადაგებით თვით ჭეშმარიტებას და ცხოვრებას, უფალ იესო ქრისტეს აზიარა ჩვენი ერი. მის მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევამ კი, ეს სულიერი არჩევანი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დააგვირგვინა.

 

განვლილი ოცსაუკუნოვანი ისტორია მოწმობს, რომ ქრისტიანობამ დაუდო დასაბამი ჩვენში სრულიად ახალ სულიერ გზას და სარწმუნოებრივ ცხოვრებას. გვასწავლა, რომ ადამიანის მთავარი მიზანი უფალთან მარადიული ერთობაა და მოგვმადლა განღმრთობის და სულის ცხონების შესაძლებლობა. დღევანდელი სიმპოზიუმის სახელწოდებაც და შინაარსიც ეფუძნება ამ სწავლებას - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს ის სამი უმთავრესი საყრდენია, ჩვენს მრავალსაუკუნოვან სულიერ და ეროვნულ გზას რომ გამოხატავს. უფალი იესო ქრისტე არის ყოველივე კეთილის წყარო და საზრისი ამ სამყაროში. ადამიანი უფლის ხატი და მსგავსია, სამშობლო კი ადგილი, სადაც რწმენა, სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მსახურება და პასუხისმგებლობა ერთობით ქმნის იმ უწყვეტ ტრადიციას, რამაც დღემდე მოიყვანა ქრისტეს მოყვარე და ქრისტესთვის ჯვარცმული ქართველი ერი. განკაცებული ძე ღმერთის რწმენა იყო და არის ჩვენი წინამძღოლიც, წინამბრძოლიც და განმანათლებელიც. ქართველი ერის ისტორია ინახავს მოწამებრივი თავდადების არაერთ გამორჩეულ მაგალითს, რომელთა შორის ასი ათასი მოწამის თავგანწირვა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საუკუნეთა განმავლობაში უამრავი მამულიშვილი ამოწმებდა სარწმუნოების და სამშობლოს ერთგულებას საკუთარი ღვაწლით და სიცოცხლით. ქრისტიანობამ მისცა ძალა ქართველ ერს, შეექმნა ის სრულიად განსაკუთრებული სულიერ-კულტურული სამყარო, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საერთო ქრისტიანული ცივილიზაციის ძვირფას მარგალიტად აქცია. მრავალი განსაცდელის მიუხედავად, საქართველო დღემდე ქრისტეს ამ სიყვარულით, ჭირთა თმენითა და ჩვეულებისამებრ მამულისა სვლით ერთგულებს მაცხოვარს", - განაცხადა შიო მესამემ.

 

ამასთან, პატრიარქის განცხადებით, მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, რაც, სიკეთესთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

 

„ყოველ ეპოქას თავისი მახასიათებელი აქვს. ჩვენს წინაპრებს ფიზიკური არსებობისთვის, სარწმუნოების დაცვისა და ქვეყნის გადარჩენისთვის ერთდროულად უხდებოდათ შრომაც და ბრძოლაც. დღეს ამ ბრძოლამ სახე იცვალა. მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა. რა თქმა უნდა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი - ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ცხოვრების გამარტივებამ და ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი", - აღნიშნა შიო მესამემ.

 

შიო მესამემ ასევე განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გზამ გვიჩვენა მადლი და ძალა მოციქულებრივი ღვაწლის უწყვეტობისა, საქმედქცეული რწმენისა, სამშობლოსადმი თავდადებისა და ადამიანთა დიდი სიყვარულისა.

 

„დრონი იცვლებიან, მაგრამ უცვლელია ქრისტეანის მოწოდება, იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით. დღეს ჩვენი გამოცდაც სწორედ ეს არის. დარჩება რწმენა მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობად და ლიტონ სიტყვებად თუ იქცევა საქმედ? თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, როდესაც ეკლესიური ცხოვრებით იშვიათად თუ ვინმე ინტერესდებოდა, უფალმა ჩვენს ქვეყანას მოუვლინა მწყემსი კეთილი, ნეტარ ხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. დღეს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორიათასწლოვან წარსულსა და აწმყოს ვავლებთ თვალს და თანამედროვე ცხოვრებაში ცოცხალ რწმენაზე ვსაუბრობთ, დიდი მადლიერებით და სიყვარულით ვიხსენებთ მის დაუცხრომელ, თავგანწირულ მსახურებას და მამობრივ მზრუნველობას, ქართველი ხალხის ხელახლა მოქცევისთვის გაწეულ სასწაულს საქართველოს სულიერი გამოღვიძებისა და აღდგომისა", - განაცხადა შიო მესამემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ