ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე - საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო 07.10.2026 20:03

 

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერეკლეობისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არაკეთილმოსურნეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ბოლო დროს ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი საკუთარი ქვეყნის წინაშე.

 

„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად, და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია და დააკნინოს ერეკლე მეორის უდიდესი დამსახურება. ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის. მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის. ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიოზე მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს და სწორად ვერ განმარტავს. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყარო და ჩვენი რეგიონი კვლავ ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, ერეკლე მეორის ცხოვრება, თითოეული ჩვენგანისთვის არის ფასდაუდებელი მაგალითი და გაკვეთილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს მართვას სჭირდება უდიდესი პასუხისმგებლობა, წინდახედულობა და ქვეყნის ინტერესების უპირველეს ადგილზე დაყენება და სწორედ ამის საუკეთესო მაგალითი იყო ერეკლე მეორე და მისი მეფობა. 

 

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვას უზრუნველყოფს. გილოცავთ ყველას ერეკლეობას, მშვიდობას, გამთლიანებას და გაძლიერებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ