პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
GE EN RU
დავით სონღულაშვილი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს 18.09.2026 18:09

 

მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" განაცხადა,  მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს. ამასთან, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა. 1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანია, თუმცა მცირე ზომის მარნებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოდ განხორციელდება. მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება და მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით ვიღებთ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ