01.09.2026 14:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს მომხმარებლის მაღალრისკიანი ტრანზაქციებისგან და შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას.
დამატებითი დაცვის მექანიზმი შეეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს:
გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობასთან;
გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება;
გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს;
მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს;
ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს მომხმარებლის მიერ ინიციირებული ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ. მომხმარებელს რისკიანი ან საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათის განმავლობაში ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, ამის შესახებ მან მომსახურების პროვაიდერს უნდა დაუდასტუროს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მსგავსი მიდგომა, კერძოდ, გარკვეული მოცულობის მაღალი რისკის ოპერაციების შეჩერების მექანიზმი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირის ქვეყნები და სხვა.
ავტორ(ებ)ი :