„მასწავლებლებს ვთხოვეთ, ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ, მისცენ მაგალითი მოსწავლეებს“ - გივი მიქანაძე 30.08.2026 21:36

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მოსწავლეებისგან განსხვავებით, მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება არ ეზღუდებათ, თუმცა სამინისტრომ პედაგოგებს სთხოვა, რომ „მისცენ მაგალითი" ბავშვებს და მობილურები სპეციალურად მოწყობილ დაცულ სათავსში თვითონაც განათავსონ.

როგორც გივი მიქანაძემ 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება არაერთ სკოლაშია უკვე შეზღუდული, 15 სექტემბრიდან კი ეს „კულტურა" ყველა სკოლაში დამკვიდრდება:

„არაერთგზის გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მათ ვთხოვეთ, რომ თუკი ტელეფონი არ სჭირდებათ რამე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ - აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი...

არის არაერთი სკოლა, სადაც ეს კულტურა უკვე წლებია დამკვიდრებულია. ახლა ჩვენ ეს შემოგვაქვს, რომ ყველა სკოლაში სავალდებულო გახდეს შეზღუდვა და სწავლა-სწავლების პროცესი არ შეფერხდეს".

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების/სმარტფონების, „ჭკვიანი" საათების, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერების არამიზნობრივი გამოყენება შეეზღუდებათ. სიახლე საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეებს ერთნაირად ეხებათ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ