06.07.2026 23:26
ვაჟა-ფშაველას მეტროსთან, მარიჯანის 4 ნომერში, სადაც სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, თბილისის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან. ადგილზე ასევე ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფს.
კორპუსის მცხოვრებლების განცხადებით, მდგომარეობა სახიფათოა, რის გამოც ისინი შენობაში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.
მათი თქმით, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის, თბილისის მერია მოსახლეობის გაიყვანს და მათ დროებით სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფას განიხილავს.
„შემთხვევის დროს სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, სასწაული ხმა იყო. აქ იყო „ცენტრ პოინტის" მშენებლობა, რომელიც თავის დროზე ვერ დასრულდა. ბოლო 3 წელია, რაც დაინგრა შენობა, სადაც უნდა აშენებულიყო სხვა კორპუსი. უნდა გაემაგრებინათ, რადგან საკმაოდ დიდი ღრმულია. შეგვპირდნენ, რომ გაამაგრებდნენ, რადგან ჩვენი კორპუსის ეზო და ეს ღრმული ერთი და იგივე კედელი იყო.
ეს ყველაფერი მოწყდა და ჩამოვარდა. დღეს ღამე წვიმაა გამოცხადებული, ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი. როგორც გვეუბნებიან ლაბორატორია მოვა, რომელიც დააფიქსირებს თუ რამდენად უსაფრთხოა ამ სახლში ყოფნა. ჩვენ სახლში შესვლას არ ვაპირებთ", - აცხადებს კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები.
ავტორ(ებ)ი :