შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა 27.08.2020 10:23

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანადგომასთან ერთად, აღინიშნა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისკენ, ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერის მნიშვნელობა. თეა ახვლედიანმა ასევე მადლიერება გამოხატა პანდემიის დროს აშშ-ის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გაწეული დახმარების გამო.

 

მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის" ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო. სახელმწიფო მინისტრმა ელჩის ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, ამჟამად უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

 

ამასთან, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის, ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიული მიზნებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე ხელმისაწვდომობის, სახელმწიფო ენის სწავლების, ასევე სამოქალაქო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მათი ჩართულობის საკითხებს.

 

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ, როგორც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, შერიგების პოლიტიკის, ასევე ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სტრატეგიის პრიორიტეტები. უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში და გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და ადამიანების უფლებების მდგომარეობა. ხაზგასმით გაკეთდა აქცენტი ბოლო პერიოდის ბორდერიზაციასთან და ადამიანების უკანონოდ გატაცებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე და დაისვა საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი"-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ