შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დისტანციური შეხვედრა გამართა 21.08.2020 10:00

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან დისტანციური შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად და დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის" ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც უკვე 14 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის გამო.


სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის დამოქალაქეთა უკანონო გატაცების ფაქტებზე, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, უპირველეს ყოფლისა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, 11 ივლისს დაჭრილი და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ასევე ამჟამად სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.


განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და მორიგ რაუნდთან დაკავშირებული თემატიკა.  სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


 „ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასთან ერთად, განვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დროს განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბორდერიზაციის ჩათვლით. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გატაცების ფაქტებზე და ვისაუბრეთ ამჟამად ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე,”-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.


 

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ