23.07.2026 19:39
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 133-ე შეხვედრა ჩატარდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 2026 წლის 8 სექტემბერი განისაზღვრა.
ავტორ(ებ)ი :