ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ისინი კომისიას ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც კომისიის დასკვნაშია მოცემული - არჩილ გორდულაძე 21.10.2026 18:19

 

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში განახლდება. სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, მანამდე კი მხარეები სარჩელზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. დარბაზში იყო კამათი და რეპლიკები.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის," "კოალიცია ცვლილებისთვის," "ლელოს," "ფედერალისტებისა" და "გახარია" საქართველოსთვის აკრძალვას. კონსტიტუციურ სარჩელს, ასევე, თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნულ პარტიებს პრობლემა კომისიის დასკვნასთან აქვთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გაექცევიან.

"რეალურად ხუთივე არაკონსტიტუციურ პარტიას პრობლემა თვითონ საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან კი არ აქვს, ან კომისიის დასკვნის შემადგენლობასთან, კომისიის დასკვნაში რა წერია, იმასთან აქვს პრობლემა. იმიტომ, რომ ამ ფაქტებს ის ვერ გაექცევა. ვერ გაექცევა, რომ ათიათასობით ადამიანს ქონებები აქვს ჩამორთმეული, ვერ გაექცევა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ვერ გაექცევა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კანონიერ ძალაში შესულ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს. პრობლემა მათ ამაში აქვთ.

ისინი კომისიას კი არ ებრძვიან ან კომისიის დასკვნას კი არ ებრძვიან, რეალურად ებრძვიან იმ ფაქტებს, რომლებიც ამ კომისიის დასკვნაში არის მოცემული. რადგანაც ამ ფაქტებს ვერაფერს ვერ უპირისპირებენ, ამიტომაც ჰგონიათ, რომ შეუტევენ თითქოს მხოლოდ კომისიის დასკვნას და ეს არის ერთადერთი მტკიცებულება.

რეალურად ჩვენ მიერ წარმოდგენილ სარჩელში კომისიის დასკვნა, როგორც ასეთი, აღებული კი არ არის, არამედ წარმოდგენილია ის ათობით, ასობით და ათასობით მტკიცებულება, რომელიც თან ახლავს ასობით-გვერდიან კომისიის დასკვნას," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ