08.10.2026 15:57
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ მიშო სულუხიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.
უწყების განცხადები, მომღერალი "ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა და სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს".
"წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსნებთ, გვიან ღამით, მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ "ახალგაზრდა ბიჭები", რომლებიც სამართალდამცავებად გაეცნენ.
"გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.
მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს.
დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.
ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა.
ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ.
რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.
მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.
SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება" - წერდა სულუხია.